საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს, კირილეს წერილი გაუგზავნა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. წერილი საპატრიარქოს ვებგვერდზე ახლახან გამოქვეყნდა.

პატრიარქის მიმართვაში ნახსენები არ არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საოკუპაციო ხაზი კი "დროებით საზღვრად" არის მოხსენიებული. ამასთანავე პატრიარქი აღნიშნავს, რომ გახელაძე დააკავეს რუსეთის ფედერაციის "მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეებმა".

გახელაძის უკანონოდ დაპატიმრებას და დაჭრას საოკუპაციო რეჟიმის მიერ ის გაუგებრობას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ზაზა "იქ გაუცნობიერებლად მოხვდა".

ილია მეორე წერს, რომ რუსეთის პატრიარქი აქამდეც არაერთხელ დაეხმარა მათ მსგავს სიტუაციებში და გამოთქვამს იმედს, რომ ახლაც "შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს გააკეთებს". წერილის ბოლოს კი ის წერს, რომ აღავლენენ ლოცვებს რუსეთის პატრიარქის კეთილდღეობისა და ღვთისათნო მსახურებაში განმტკიცებისათვის.

გთავაზობთ პატრიარქის წერილს უცვლელად:

"მის უწმინდესობას, კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს

თქვენო უწმიდესობავ,

მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები გახელაძე ზ.მ. გასული წლის ზაფხულში სანადიროდ იმყოფებოდა თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის და ცხინვალის რეგიონთან არსებული დროებითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაკავებული იქნა რუსეთის ფედერაციის მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეთა მიერ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად იგი ცხინვალის იზოლატორშია და მისჯილი აქვს 12.5 (!) წელი. ეს არის მეტად მძიმე განსაცდელი როგორც პირადად მისთვის, ისე მისი მშობლების, მეუღლის და არასრულწლოვანი შვილებისათვის.

მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს, რათა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს. კარგად გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათავალისწინებელია, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა.

მისი გათავისუფლება იქნება სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო.

თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ადრეც არაერთხელ დაგვეხმარეთ მსგავს სიტუაციებში, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ვიმედოვნებთ, ამჟამადაც, თქვენი შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს გააკეთებთ.

აღვავლენთ ლოცვებს თქვენი კეთილდღეობისა და ღვთისათნო მსახურებაში განმტკიცებისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი"

23 ივნისს ზაზა გახელაძის მამამ განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალში აღარ გადავა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს პატრიარქის ილია მეორისა და ოჯახის თხოვნის გამო მიიღო.

"დიდი თხოვნით მოვიდნენ გორის მეუფეები. გვითხრეს, რომ დაწერეს წერილი, გადასცეს ჩვენს დიდ უწმინდეს და უნეტარესს. მისგან დიდი თანაგრძნობა მოვიდა რომ დაგვიდგებოდა გვერდში და რამენაირად შედეგს გამოიღებდა. დღემდე არ ვარ დარწმუნებული, არ ვიცი რა რწმენით უნდა ვიყო, როგორ უნდა გადავიფიქრო ეს, მაგრამ დიდ პატივს ვცემ უწმინდესს, არ გადავდივარ მაგის გამო", — განაცხადა მან.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ერგნეთის მომდევნო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაზე თუ კონკრეტული შედეგი არ დადგა, ოკუპირებულ ცხინვალში ოჯახით აუცილებლად გადავა.

11 ივლისს ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს. ის კასპში ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. რუსული მხარის მტკიცებით, გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

გაიგეთ მეტი: