The New York Times-ის მიერ მოპოვებული სასამართლოს ჩანაწერებით ირკვევა, როგორ იბრძოდა პოპის პრინცესად წოდებული მომღერალი, ბრიტნი სპირსი, 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მეურვეობისგან გასათავისუფლებლად.

გამოცემის მიერ 22 ივნისს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში დეტალურადაა აღწერილი, როგორ ცდილობდა სპირსი თავის დახსნას მეურვეობიდან, რომელიც მის ცხოვრებასა და კარიერაში ყველაფერს აკონტროლებდა: "დაწყებული ვის ხვდებოდა, დამთავრებული რა ფერის იქნებოდა მისი სამზარეულოს კარადები". ცხადია, ჩანაწერების მიხედვითაც ამ საქმეში ცენტრალური ფიგურა მომღერლის მამა, ჯეიმი სპირსია.

"[სპირსის] განცხადებით, მეურვეობა მის წინააღმდეგ მიმართულ დესპოტურ და მაკონტროლებელ იარაღად იქცა", — წერია სასამართლოს 2016 წლის ჩანაწერებში, — "იგი ამბობს, რომ 'ყელში ამოუვიდა სხვების მის ხარჯზე ყოფნა'. სპირსის თქმით, მხოლოდ ის მუშაობს და ფულს გამოიმუშავებს, ყველა დანარჩენი კი, უბრალოდ, მის კმაყოფაზეა".

2019 წელს ბრიტნის სასამართლოსთვის განუცხადებია, რომ მეურვეობამ მას ჯერ სიმღერა, შემდეგ კი მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი დარჩენა აიძულა, სადაც მან 30-დღიანი პროგრამა თავისი ნების საწინააღმდეგოდ გაიარა. ამავე წლის დასაწყისში მას განუსაზღვრელი დროით მოუხდა კარიერის მიტოვება. 2020 წლის ნოემბერში სპირსის ადვოკატმა განაცხადა, რომ სანამ მამამისის მეურვეობის ქვეშ იქნებოდა, ბრიტნი კარიერას არ დაუბრუნდებოდა, რადგან მისი "ეშინოდა".

ბრიტნი სპირსი მამასთან ერთად.

ფოტო: Getty Images

ახლადგამოქვეყნებული დოკუმენტებით ასევე გაირკვა, რომ ბრიტნი 68 წლის მამამისის მეურვედ დანიშვნის გადაწყვეტილებას, მისი მდგომარეობის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

ჯეიმი სპირსმა შვილზე მეურვეობა 2008 წელს მოიპოვა, როცა ბრიტნი 27 წლის იყო. მიზეზი მომღერლის მენტალური ჯანმრთელობა გახდა, რომელიც მედიაში მწვავედ შუქდებოდა. ამ ყველაფრის შესახებ სპირსზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან, Framing Britney Spears, ირკვევა.

არიტნის $60-მილიონიანი ქონების ნაწილს ისევ ჯეიმი განაგებს, ნაწილს კი ბანკი Bessemer Trust Company, რომელსაც თავად მომღერალი ითხოვდა ფინანსურ მეურვედ. ბრიტნიმ არაერთხელ მოითხოვა მამის მეურვეობიდან გათავისუფლებაც, მათ შორის, 2014 წლის დახურულ სასამართლო პროცესზე, სადაც ადვოკატის ცნობით, ბრიტნიმ მამამისის ალკოჰოლური სასმელებზე დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

2020 წელს მომღერალმა განაცხადა, რომ არ სურდა, მისი მეურვეობა კვლავ მამამისს გადაბარებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ სასამართლომ იგი მეურვეობისგან მაინც არ გაათავისუფლა, თუმცა, მამის გარდა სხვა მეურვეც დაუნიშნა.

2021 წლის დასაწყისში სპირსის საქმე სასამართლოს განსახილველად დაუბრუნდა. ამავე თვეში გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Framing Britney Spears. ფილმის ნახვის შემდეგ მომღერალმა განაცხადა, რომ თავისუფლების მოპოვების იმედი მიეცა. ასევე დოკუმენტური ნამუშევრის ნახვის შემდეგ, არაერთმა ცნობილმა ადამიანმა სპირსს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მეურვეობის საქმის განხილვის შემდეგი პროცესი 23 ივნისსაა ჩანიშნული, რომელზეც ბრიტნი ლოს-ანჯელესის სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართავს. სიტყვით გამოსვლის უფლება მას აპრილის თვეში მიეცა.