სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე მამუკა ხაზარაძის ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი განცხადებების გაკეთება ოპოზიციამ არ უნდა იჩქაროს.

"წინასწარ განცხადებებს ნამდვილად არ გავაკეთებთ რას გამოვუცხადებთ ბოიკოტს და როგორ, მაგრამ გვექნება დეტალური კოორდინაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ვფიქრობ, რომ სტრატეგია უნდა შევიმუშავოთ მათთან ერთად. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მე ავუხსნი ჩემს სტრატეგიას და ჩემს ხედვას, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა ვიჩქაროთ ასეთი განცხადებები, პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც გარანტი არიან, ამ შეთანხმების მესამე მხარე არიან, მათთან ერთად უნდა გავიაროთ ეს საკითხი", — ამბობს ვაშაძე.

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და მოუწოდა ოპოზიციას, თუ მმართველი გუნდი ამ საკითხის ფორსირებას დაიწყებს, გავიდნენ პარლამენტიდან.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, 23 ივნისს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლეების დანიშვნაზე თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა ზედმიწევნით შეასრულა და ამ პროცესის გაჩერებას არ აპირებენ.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგინა. კერძოდ, გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა გოჩიაშვილი. საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი On.ge-სთან დადებითად აფასებს ქეთი მესხიშვილისა და ეკა ზარნაძის წარდგენას, თუმცა ამბობს, რომ ამ მოდელით უმრავლესობაში კვლავ ე.წ. კლანი რჩება, კარგი მოსამართლეები კი — უმცირესობაში.

აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება. შეთანხმების მიხედვით, არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, მითითებულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.

ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.