აშშ-ს სენატში საქართველოსთან დაკავშირებით 22 აპრილს შეტანილი რეზოლუცია დარეგისტრირდა, რომელიც მხარეებს 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციით, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება კვლავ მხარდაჭერილია.

22 ივნისით დათარიღებულ რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შეფერხება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროგრესს ხელს შეუშლის და ამან შეიძლება აშშ-ს დახმარების მიღებაზე გარკვეული წინაპირობების დაწესება გამოიწვიოს. დოკუმენტის თანახმად:

  • აშშ-ის სენატი ქართულ ოცნებას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და სხვა პარტიებს, რომლებიც არჩეულნი არიან პარლამენტში მოუწოდებს, სრულად განახორციელონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, მიშელის მიერ 2021 წლის 18 აპრილს შეთავაზებული და 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისი;
  • მოუწოდებს ყველა არჩეულ პარლამენტის წევრს გამოიყენონ თავიანთი მანდატი და შემდგომი შეფერხების გარეშე საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მათ შორის COVID-19 პანდემიის შედეგებზე, დასუსტებულ ეკონომიკასა და რეგიონალური დინამიკის გამოწვევაზე მუშაობა დაუწყონ;
  • მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დანერგოს სისტემური რეფორმები, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების გზით იქნება შემუშავებული, რათა უზრუნველყოს, რომ სასამართლო სისტემა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია და არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის. მათ შორის, ვენეციის კომისიისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციების სრული დანერგვით;
  • მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიწყოს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ განვითარებული სისტემური საარჩევნო რეფორმები პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი მიზეზების მოსაგვარებლად და კრიზისის განმეორების თავიდან ასაცილებლად. მათ შორის ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების სრულად იმპლემენტაციით;
  • აცნობიერებს, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოში კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთის ფედერაციის ძალისხმევით, დათესოს ქაოსი საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაკანონიერად ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
  • გამოხატავს შეშფოთებას, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერების შეფერხება ხელს შეუშლის მის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვისა და ეკონომიკის გაძლიერების საქმეში და ამან შეიძლება აშშ-ს დახმარების მიღებაზე გარკვეული წინაპირობების დაწესება გამოიწვიოს;
  • ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში უფრო მყარ დემოკრატიას, მმართველი ინსტიტუტებით, რომლებიც აჩვენებენ ერთიანობას, გამჭვირვალობას რუსული და სხვა მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევის შესაძლებლობას.