ადამიანი სოციალური არსებაა, შესაბამისად, სხვებთან ურთიერთობა ჩვენი მენტალური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია. სოციალურმა იზოლაციამ და მარტოობამ, რომელიც პანდემიის პირობებში უამრავი ჩვენგანისთვის ძალიან ნაცნობი გახდა, შესაძლოა შფოთვა, დეპრესია, გულის დაავადებების განვითარება და სხვა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია, ჩვენი ცხოვრების ყოველი წამი სხვებთან ერთად გავატაროთ. სინამდვილეში, გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სასარგებლოც კია.

ამაში დასარწმუნებლად გთავაზობთ 5 მიზეზს, თუ რატომაა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მნიშვნელოვანი:

1. შეგიძლია, საკუთარი თავი უკეთ გაიცნო

ფოტო: Olivia Moore / Dribbble

ხშირად გადატვირთული ყოველდღიურობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ კარგად გავიაზროთ საკუთარი მიზნები, აზრები, ოცნებები თუ ინტერესები. სწორედ ამიტომ თვითშემეცნების მიზნით დროებით საკუთარ თავთან მარტო დარჩენა უმნიშვნელოვანესია. ამ დროს შესაძლებლობა გაქვს, საკუთარ თავს უამრავი კითხვა დაუსვა, დაისახო მიზნები და გეგმები, გააანალიზო საკუთარი ემოციები და ა.შ.

2. შეგიძლია, საკუთარ ინტერესებზე კონცენტრირდე

ფოტო: Jason K Yun / Dribbble

მუდმივად კავშირზე ან ადამიანების გარემოცვაში ყოფნა საშუალებას არ გვაძლევს, ვისიამოვნოთ ჩვენი ინტერესებითა და ჰობებით, რაც განტვირთვისა და ენერგიის აღდგენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ კარგი იქნება, თუ საკუთარ თავთან მარტო დარჩები და დროს საყვარელ საქმიანობებს — წერას, ხატვას, სპორტს, სეირნობასა თუ სხვა აქტივობებს დაუთმობ.

3. უფრო კრეატიული ხარ

ფოტო: Defaced / Dribbble

მარტო ყოფნა მშვენიერი შესაძლებლობაა, საკუთარ გონებაში იმოგზაურო და ახალი შესაძლებლობები და იდეები აღმოაჩინო. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ადამიანები რთულ პრობლემებს მარტო უკეთ წყვეტენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური მუშაობა აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის მნიშვნელოვანია, მარტო მუშაობა ინოვაციურობისკენ გარემო ფაქტორების წნეხის გარეშე გვიბიძგებს.

4. უფრო პროდუქტიულად მუშაობ

ფოტო: Aurora / Dribbble

მართალია, სხვებთან ერთად მუშაობა ხშირად ახალი იდეებით გვავსებს, თუმცა ადამიანების გარემოცვაში ყოფნა ზოგჯერ ყურადღებასაც გვიფანტავს, რის გამოც კონცენტრირება გვიჭირს. ასეთ დროს ცოტა ხნით განმარტოება და მთელი ყურადღების კონკრეტულ დავალებაზე, პროექტსა თუ მიზანზე გადატანა საშუალებას მოგცემს, უფრო პროდუქტიული იყო.

5. სხვებთან ურთიერთობისთვის საჭირო სოციალური ენერგიით ივსები

ფოტო: tubik.arts / Dribbble

განუწყვეტლივ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა ზოგჯერ ძალიან დამღლელია და სტრესსაც იწვევს. გაღიზიანებულმა კი შესაძლოა, საყვარელ ადამიანებს გული ატკინო. მარტო ყოფნა საშუალებას გაძლევს, განიტვირთო და, აგრეთვე, ხელახლა დააფასო ადამიანები, რომლებიც შენს ცხოვრებას უკეთესს ხდიან. ეს სხვებთან ურთიერთობების დაწყებისა თუ გამყარების სურვილსაც გაგიჩენს და უკეთეს მეგობრად თუ პარტნიორად გაქცევს.

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, მარტო დარჩენა ხშირად ძალიან რთულია. თუ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გჭირდება, შეგიძლია, ამისათვის კონკრეტული დროის მონაკვეთი გამოყო, ოთახში ან ნებისმიერ სასურველ სივრცეში მარტო მოკალათდე და, რაც მთავარია, სოციალური ქსელები დროებით დაივიწყო. ვინ იცის, საკუთარ თავში რამდენ ახალ იდეას, ინტერესსა თუ შესაძლებლობას აღმოაჩენ!

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.