"ცხინვალში საერთოდ არ ვარ ნამყოფი, არც ბავშვობაში, არც დიდობაში", — ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის "კონტრაბანდის გამო ცხინვალის ციხეში იჯდა".

"ცოტა სასაცილოა. ამაზე სერიოზულად პასუხი არ ვიცი როგორ უნდა გაგცეთ. ცხინვალში საერთოდ არ ვარ ნამყოფი, არც ბავშვობაში და არც დიდობაში. თერჯოლის მხრიდან დავდიოდით ხოლმე რაჭაში. ეს არის მოგონილი აბსურდი, სისულელე. თუ გადახედავთ წლებს, როდესაც ერგნეთის ბაზრობა და მოძრაობები იყო, მე მაშინ 19-20 წლის ჯარისკაცი ვიყავი და ქვეყანაში რა ხდებოდა 90-იან წლებში თქვენ გახსოვთ ძალიან კარგად. მაშინ ვმუშაობდი მე ბატონი ედუარდ შევარდნაძის ოჯახის დაცვაში, რიგითი ჯარისკაცი ვიყავი. ციხე კი არა, ცხინვალში საერთოდ არ ვყოფილვარ", — განაცხადა გომელაურმა.

მთავარმა არხმა 19 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად მათ "დაუკავშირდა პირი, რომელმაც დეტალურად მოყვა, როგორ აცილებდა მაშინდელი რიგითი ძალოვანი უკანონოდ შემოსულ ტვირთებს". მედიის ცნობით, "ამაში ის ფინანსური სარგებელსაც ნახულობდა".

მედიის წყაროს ინფორმაციით, იმის გამო, რომ მხარეებმა კონტრაბანდიდან მიღებული ფული ვერ გაიყვეს, საქმე გომელაურის დაპატიმრებით დასრულდა.