საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველაფერი გააკეთა.

"ხშირად ვხვდები ხოლმე კრიტიკის მსხვერპლი, გამიჭირდება დეტალებზე საუბარი, თუმცა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად. ჩვენი მეგობრები, პარტნიორები საერთაშორისო ორგანიზაციები ყველანი ჩართულები არიან და ვიმედოვნებ, მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას, გაათავისუფლებენ ამ ადამიანს და მალე დაუბრუნდება ოჯახს. დეტალებზე ბოდიშს ვიხდი, ვერ ვისაუბრებ, შეიძლება ჩემმა ღია საუბარმა მოლაპარაკება ჩაშალოს, იცით რომ საპატრიარქოც ჩართულია, ყველა ჩართულია", — განაცხადა გომელაურმა.

დღეს ზაზა გახელაძეს დაბადების გახელაძის ოჯახი სოფელ ქვემო ჭალაში აქციას მართავს.

11 ივლისს ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს. ის კასპში ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. რუსული მხარის მტკიცებით, გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 5 თებერვალს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

გაიგეთ მეტი: