ქართული მეღვინეობის კულტურა 80 საუკუნეს ითვლის. ამ დროის განმავლობაში, ქართულმა ღვინომ უამრავი თავგადასავალი გამოიარა და ჩვენი იდენტობის ნაწილად იქცა. ბოლო წლებში კი ჩვენს ქვეყანაში წარმოებული ღვინის საერთაშორისო წარმატებამ და ცნობადობის ზრდამ არნახულ მასშტაბს მიაღწია. ეს თბილღვინოს დიდი დამსახურებაც არის — მან ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია ანიმაციის საშუალებით მოგვიყვა.

2021 წლის საერთაშორისო აღიარება

კომპანიამ 2020 წელს ლონდონის საერთაშორისო კონკურსზე ჯამში 31 ჯილდო მოიპოვა და ღვინის მწარმოებელი მოწინავე ქვეყნები ჩამოიცილა. ამ მხრივ არც 2021 წელი აღმოჩნდა გამონაკლისი.

თბილღვინომ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე — International Wine Challenge 2021 — 21 მედალი მოიპოვა;

International Wine & Spirits Competition 2021-ზე 8 მედლით დაჯილდოვდა;

Decanter 2021-ზე კი თბილღვინომ 18 ჯილდო დაიმსახურა;

2016 წლის ნაფარეული და 2018 წლის განსაკუთრებული მარაგი მუკუზანი International Wine & Spirits Competition-ზე ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.

ნაფარეული, ეს მოშინდისფრო-ალუბლისფერი ღვინო, ალაზნის მარცხენა ნაპირის საფერავებისთვის დამახასიათებელ არომატებს გვთავაზობს, მწიფე შავი კენკრისა და შავი ხილის ტონებით. სხეულიანი, ძლიერი ღვინოა, რომელშიც ტანინები, მჟავიანობა და სიხალასე კარგად ერწყმის ერთმანეთს.

თბილღვინოს 2018 წლის განსაკუთრებული მარაგი მუკუზანი კი ჯიშური არომატითა და მუხის ტონებით გამოირჩევა, შავი ქლიავის ჯემის სურნელით, კენკრითა და ვანილით.

ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ ღვინოში დაბოლოებაა, რომელიც საინტერესოდ აგრძელებს თავდაპირველ შთაბეჭდილებას, სადაც იებისა და ყავის სურნელი ერწყმის ერთმანეთს.

ცნობისთვის, Decanter, IWC და IWSC ღვინის უმნიშვნელოვანესი, ყველაზე გავლენიანი კონკურსებია, რომლებიც ყოველწლიურად იმართება და სადაც ღვინის ხარისხს საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს, ლონდონში ჩატარებულ, მსოფლიოს გავლენიან საერთაშორისო კონკურსებზე, თბილღვინო ქართული ღვინის ისტორიაში ყველაზე მეტი, 47 მედლით დაჯილდოვდა.

1962 წელს, საქართველოში ერთ-ერთი მაღალხარისხოვანი, საექსპორტო ღვინის მწარმოებელი საწარმო გაიხსნა, რომელმაც მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. 1999 წლიდან კომპანიას სათავეში ძმები ზურაბ და გიორგი მარგველაშვილები ჩაუდგნენ, რითაც სათავე დაედო სრულიად ახალ ეტაპს თბილღვინოს ისტორიაში. საფუძველი ჩაეყარა ღვინის წარმოების ახალ, თანამედროვე ფილოსოფიას, რომლის წინაპირობა არის მომხმარებელი — ინდივიდუალური სურვილებითა და განსხვავებული გემოვნებით.

დღესდღეობით თბილღვინო აკონტროლებს და მართავს წარმოების სრულ ჯაჭვს — ვენახებისთვის მიწის სწორი შერჩევიდან, გასაყიდ ობიექტზე პროდუქციის დისტრიბუციამდე, რაც განაპირობებს საუკეთესო ხარისხს. თბილღვინოს ვენახები 355 ჰექტარზე არის გაშენებული, ქინძმარაულისა და მუკუზანის მიკროზონებში.