ლიტერატურაში და, ზოგადად, ცხოვრებაშიც კი, ძალიან რთულია ისეთი პერსონაჟის პოვნა, რომელიც რაიმე ეპოქას იმგვარი სისავსით აცოცხლებს, როგორც ჯეი გეტსბი — ჯაზის ერას. თითქმის ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა რომანი დიდი გეტსბი შექმნა და განწირული სიყვარულის ეს ამბავი დღემდე 20-იანი წლების დეკადენტური მოდური ფლეპერების, შამპანურის შადრევნებისა და დაუსრულებელი წვეულებების სიმბოლოდაა ქცეული. პოპკულტურამ გეტსბის პერსონაჟი ტექსტიდან მალევე ამოგლიჯა და ახლა მისი სახელი საცხოვრებელი კომპლექსების რეკლამებში, თმის ცვილის შეფუთვაზე ან თუნდაც ლიმიტირებული გამოშვების სუნამოს შეგიძლიათ ამოიკითხოთ (ეს უკანასკნელი ვეტივერიას, ვარდისფერი წიწაკისა და სიცილიური ლაიმისგან არის დამზადებული). ამასთან, დღეს ისიც შესაძლებელია, დივან გეტსბიში ჩაეშვათ, სასტუმრო გეტსბიში დარჩეთ, ანდაც სენდვიჩი გეტსბი ჩაკბიჩოთ.

აბსურდულობას რომ თავი დავანებოთ, ერთ დროს ჯეიმს გეტზად ცნობილი კაცის სახელის ყველა შესაძლო პროდუქტზე მიწერა, ცოტა არ იყოს და, პრობლემატურია. სხვა თუ არაფერი, თვალისმომჭრელი მასპინძლის იმიჯი ხომ გეტსბის რთული იდენტობის ძალიან პატარა ნაწილია. გეტსბი, ამასთან, ბუტლეგერია, რომელსაც თავი კრიმინალური სამყაროს ყულფში აქვს გაყოფილი. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ის დელუზიური მოთვალთვალეცაა, რომლის საზოგადოებაში ქცევის მანერაც კიტჩისგან შორს ნამდვილად არაა. ერთი სიტყვით, თუ გეტსბი ამერიკული ოცნების განსახიერებაა, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ამ ოცნების საზღვრებსაც კარგად წარმოაჩენს: ეს ხომ ის კაცია, რომელიც უაზრო და ძალადობრივი დასასრულისთვისაა განწირული.

1974 წელს დიდი გეტსბის ეკრანიზაცია გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს რობერტ რედფორდი ასრულებდა. ამის შემდეგ მალევე ტერმინი "გეტსბისეული" გაჩნდა.

ფოტო: Getty Images

დიდი გეტსბის გამოქვეყნებისთანავე მცდარი ინტერპრეტაციები წიგნის განუყოფელ ნაწილად იქცა. 1925 წელს, წიგნის გამოსვლიდან ცოტა ხანში, ფიცჯერალდმა თავის მეგობარს, ედმუნდ უილსონს წერილი მისწერა, რომელშიც ის ამბობდა, რომ "ყველაზე დიდი ენთუზიაზმის გამომხატველი რეცენზიების ავტორებსაც კი წიგნის იდეის შესახებ ოდნავი წარმოდგენაც არ ჰქონდათ". ფიცჯერალდის თანამედროვე ისეთი მწერლები, როგორიც ედით უორტონი იყო, რომანით მოიხიბლნენ. თუმცა, როგორც კრიტიკოსი მაურენ კორიგანი თავის წიგნში, ვაგრძელებთ კითხვას: როგორ შეიქმნა დიდი გეტსბი და რატომ არ კარგავს იგი პოპულარობას, აღნიშნავს, ცნობილმა კრიტიკოსებმა წიგნი კრიმინალურ ისტორიად აღიქვეს და მისით სულაც არ აღფრთოვანებულან. რომანმა დიდად ვერც კომერციულ წარმატებას მიაღწია. 1940 წელს კი, როდესაც ავტორი გარდაიცვალა, წიგნის მეორე მცირე ტირაჟიდან შემორჩენილ ეგზემპლარებს ისევ ნახავდით.

რომანის ბედი მაშინვე შეიცვალა, როდესაც მისი საჩუქრის სახით გაცემა აშშ-ის სამხედრო ძალებმა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს შეიარაღებული ძალების გამოცემის ფარგლებში წიგნის 155 ათასი ეგზემპლარი დაიბეჭდა, რამაც უცებ შექმნა მკითხველთა ახალი ჯგუფი. 1950-იანი წლების დასაწყისისთვის ამერიკული ოცნების განახლებული ძალით პოპულარიზაციამ რომანს კიდევ უფრო მოუხვეჭა სახელი. უკვე 1960-იანი წლებისთვის კი ის სამაგიდო წიგნად იქცა. ამ დროიდან რომანმა პოპკულტურაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. ის ადამიანებიც კი, რომლებსაც წიგნი წაკითხული არ ჰქონდათ, ნაწარმოების მთავარ ღირებულებებზე საუბრობდნენ. ამ მოვლენების დაჩქარებას, რა თქმა უნდა, ჰოლივუდმა შეუწყო ხელი. 1977 წელს, მას შემდეგ, რაც რობერტ რედფორდმა ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში, დიდი გეტსბი, მთავარი როლი შეასრულა, სიტყვამ "გეტსბისეული" პირველად გაიჟღერა.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ბეზ ლურმენის 2013 წლის ადაპტაციასთან ერთად, წიგნმა ძალიან ბევრ გრაფიკულ რომანს, მიუზიკლსა და თეატრალურ წარმოდგენას დაუდო საფუძველი. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტ ადაპტაციას ვიხილავთ, რადგან რომანის საავტორო უფლებებმა ამ წლის დასაწყისში ძალა დაკარგა, რაც ადამიანებს წიგნის საკუთარი სურვილისამებრ ინტერპრეტაციის უფლებას ნებართვის გარეშე აძლევს.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში რომანმა, დიდი გეტსბი, უამრავ ფილმს, მიუზიკლს, საბალეტო და თეატრალურ წარმოდგენას დაუდო საფუძველი.

ფოტო: Alamy

ფიცჯერალდისეული ხედვის ყველაზე გულანთებულ დამფასებლებს ეს ყველაფერი დიდად არ მოსწონთ. მართლაც, ზოგი პროექტი კიდევ უფრო ამყარებს იმ მცდარ წარმოდგენას, რომ ნაწარმოების იდეა გეტსბისეული წვეულებების თვალისმომჭრელობის ხაზგასმით ამოიწურება. თუმცა ზოგიერთი ახალ-ახალ ინტერპრეტაციებს ეძებს ტექსტში, რომელსაც ისე გავუშინაურდით, რომ ხშირად მის სიღრმეს ვეღარც კი ვამჩნევთ.

მაგალითად მაიკლ ფერის სმიტის ახალი რომანი, ნიკი ავიღოთ. სათაური, რა თქმა უნდა, დიდი გეტსბის მთხრობელს, ნიკ ქერეუეის მიემართება. ახალ რომანში მისი წინაისტორიაა აღწერილი. კერძოდ, ის ამერიკელი ნიკის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ევროპაში პირველ მსოფლიო ომში საბრძოლველად მიდის და შინ სრულიად შეცვლილი ბრუნდება. მის პიროვნებას სამუდამო დაღი მგზნებარე პარიზულმა სიყვარულმა და უმოწყალო ომმა დაასვა. ლონგ-აილენდის უესტ-ეგში ჩასვლამდე კი ნიკის დროებითი საცხოვრებელი ნიუ-ორლეანის კრიმინალური სამყარო ხდება.

მიუწვდომელი ოცნება?

ბევრის მსგავსად, სმიტმა რომანი სკოლაში სწავლისას წაიკითხა. "ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის მისი შინაარსი სრულიად გასაგები იყო. ბევრი ადამიანი იმაზე წუწუნებდა, რაც საწუწუნო თითქოს სულაც არ იყო", — იხსენებს ის. უცხოეთში ცხოვრებისას, როდესაც 30 წელს უახლოვდებოდა, სმიტმა წიგნი კიდევ ერთხელ გადაიკითხა. სწორედ ეს იყო დრო, როდესაც მან რომანის ნამდვილი ძალა იგრძნო. "ჩემთვის ეს წიგნის კითხვის ძალიან სიურრეალური გამოცდილება აღმოჩნდა. თითქოს თითოეულ გვერდზე იყო ისეთი რამ, რაც ყველაფერს განსხვავებული კუთხიდან მანახებდა", — აღნიშნავს ის.

რომანის 1974 წლის ეკრანიზაციაში ნიკ ქერეუეის როლი სემ უოტერსონმა შეასრულა.

ფოტო: Alamy

იმ სცენამ, სადაც ქერეუეის უცებ ახსენდება, რომ თავისი ოცდამეათე დაბადების დღეა, სმიტს წიგნის მთხრობლის იდენტობის შესახებ კითხვები გაუჩინა. "ვიფიქრე, რომ ამ პერსონაჟის მიღმა ძალიან დიდი ტრავმა იმალებოდა; რაღაც ისეთი, რამაც ის საკუთარ თავსაც კი დააშორა. იდეა, რომ ნიკის ცალკე ისტორიის დაწერა საინტერესო გამოვიდოდა, ჩემში თანდათან უფრო ღრმად იდგამდა ფესვებს", — ამბობს მწერალი. 2014 წელს 40 წელს გადაცილებულმა ავტორმა რომანის წერა საკუთარ აგენტთან და რედაქტორთან შეუთანხმებლად დაიწყო. 10 თვის შემდეგ კი, როცა ხელნაწერის პირველი ეგზემპლარი ჩააბარა, სმიტმა გაიგო, რომ მას საავტორო უფლებების გამო წიგნის გამოსაქვეყნებლად 2021 წლამდე უნდა მოეცადა.

სმიტი ქერეუეის პერსონაჟის გასაანალიზებლად ფიცჯერალდის ერთ-ერთი თანამედროვის ციტატას იმოწმებს: "ერნესტ ჰემინგუეი თავის ავტობიოგრაფიაში, განუყრელი დღესასწაული, ამბობს, რომ ჩვენ არავის ვენდობოდით, ვინც ომში არ ყოფილა. ჩემთვის, ნიკის პერსონაჟი სწორედ აქედან იბადება". სმიტი ქერეუეის ომის მსხვერპლად და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე ადამიანად აღიქვამს; ადამიანად, რომელიც სახლში დაბრუნებისას საკუთარ ერს ვეღარ ცნობს. ამ ნარატიულ ხაზს არაფერი აქვს საერთო წიგნში აღწერილ ხალხმრავალ, ხმაურიან წვეულებებთან, თუმცა სმიტი ამბობს, რომ ფიცჯერალდის რომანის უკვდავი პოპულარობის მიზეზი სწორედ ნიკ ქერეუეია. "შესაძლოა, წიგნი არა შამპანურისა და ცეკვების, არამედ სამყაროში საკუთარი ადგილის აღმოჩენის სურვილის შესახებ არის. იმ გრძნობის შესახებ, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, ყველაფერი თავზე დაგენგრეს. სწორედ ამიტომ არის დიდი გეტსბი ნებისმიერი თაობისთვის მნიშვნელოვანი", — ამბობს სმიტი.

ამერიკული ლიტერატურის ექსპერტი, უილიამ ქეინი ასევე ამტკიცებს, რომ ნიკის პერსონაჟის გაანალიზება წიგნის იდეის აღმოსაჩენად უმნიშვნელოვანესია. "ფიცჯერალდი თავდაპირველად ფიქრობდა, რომ თხრობას მესამე პირში წაიყვანდა. თუმცა მერე გადაწყვიტა, რომ გეტსბის ისტორიას ნიკ ქერეუეი პირველ პირში მოგვიყვებოდა და ჩვენსა და მთავარ გმირს შორის შუამავლის როლს შეასრულებდა. ჩვენ გეტსბის პერსონაჟს უნდა გავუგოთ და ამის გაკეთებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ნიკის პერსპექტივიდან ვხედავთ. ნიკს კი გეტსბისადმი ერთობ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს. ქერეუეის შეფასებები ქებასა და მკაცრ კრიტიკას ერთდროულად მოიცავს. ხანდახან ის გეტსბისადმი ზიზღსაც კი გამოხატავს", — ამბობს ქეინი.

ლეონარდო დიკაპრიო და კერი მალიგანი ბეზ ლურმენის 2013 წლის ფილმში.

ფოტო: Alamy

სმიტის მსგავსად, რომანი ქეინმაც სკოლაში სწავლისას წაიკითხა. 1960-იანი წლები განსხვავებული პერიოდი იყო, თუმცა ნიკის პერსონაჟისთვის დიდი ყურადღება არც მაშინ მიუქცევიათ. ამის ნაცვლად ქეინს საკლასო ოთახში ლეგენდარული მწვანე შუქისა და გეტსბის მანქანის სიმბოლოებზე საუბარი ახსენდება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ტექსტის ლიმიტირებულ ინტერპრეტაციაში ბრალი პოპკულტურასთან ერთად საგანმანათლებლო სისტემასაც მიუძღვის.

დიდი გეტსბი, შესაძლოა, მართლაც დიდი ამერიკული რომანია, თუმცა დაახლოებით 200 გვერდში თავმოყრილი ეკონომიური თხრობა ნაწარმოებს მოჩვენებითად ადვილად მისაწვდომს ხდის. ირონიულია, რომ დიდი გეტსბი ილუზიური და დელუზიური რომანია, რომელშიც ზედაპირებს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, ჩვენ კი ხშირად მისი პროზის სტრუქტურას ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევთ. "ვფიქრობ, რომ როდესაც ამ რომანზე ვსაუბრობთ, მხედველობაში არა მხოლოდ მისი შინაარსით წარმოქმნილი დიდი ამერიკული თემები და კითხვები, არამედ ფიცჯერალდისეული მდიდარი ლიტერატურული ენაც უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გეტსბის კითხვა მისი სოციალური და კულტურული მნიშვნელობის გათვალისწინებით უნდა დავიწყოთ, თუმცა, ამასთან, მას უდიდესი ლიტერატურული გამოცდილების მისაღებადაც უნდა მივუბრუნდეთ", — ამბობს ქეინი.

ქეინი რომანს ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ კითხულობს და მის შინაარსზე ხშირად ფიქრობს. ასე მოხდა გასულ ზაფხულსაც — მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა ეროვნულ-დემოკრატიულ კომიტეტში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა და უკეთეს მომავალზე ოცნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. რა თქმა უნდა, ამერიკული ოცნება დიდი გეტსბის ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომელიც ასევე ხშირად არასწორად ინტერპრეტირდება. "ფიცჯერალდი გვიჩვენებს, რომ ამ ოცნებას უდიდესი ძალა აქვს, თუმცა, ამავდროულად, მისი განხორციელება ამერიკელთა უმეტესობისთვის ძალიან რთულია. ოცნება მათში უდიდეს იმედსა და სურვილს აღძრავს და ექსტრაორდინალურია ის ძალისხმევა, რომელსაც მრავალი ამ თავისი მიზნის მისაღწევად იჩენს. თუმცა ძალიან ბევრი მათგანი ხშირად ნებდება, რადგან ეს ოცნებები მათთვის მიუწვდომელია", — აღნიშნავს ქეინი.

1925 წელს, წიგნის გამოსვლისთანავე, რომანს არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა.

ფოტო: Alamy

რაც შეეხება ცხოვრებაში არსებულ წინააღმდეგობებს, ფიცჯერალდმა დაგვანახა, რომ სოციალური სტატუსით დაწესებულ საზღვრებს გეტსბი ვერანაირი ფულის დახმარებით ვერ გადაკვეთს. როგორც ქეინი ამბობს, რომანის ამგვარი ხედვა ამერიკული ოცნებისადმი მის სტუდენტებში არსებულ მელანქოლიურ დამოკიდებულებას ეხმიანება; ეს გრძნობა იმ რასობრივი და ეკონომიკური უთანასწორობითაა დაბადებული, რომელიც პანდემიამ უფრო მეტად გააღრმავა.

თუმცა რომანში ისეთ ადგილებსაც ვხვდებით, რომლებიც დღეს უხერხული წასაკითხია. ფიცჯერალდმა რასობრივი კუთხით საკუთარი პოზიცია ტომ ბიუკენენის "თეთრკანიანთა უპირატესობაზე" შეხედულებების სიმახინჯის ხაზგასმით აჩვენა. თუმცა, ის, ამავდროულად, აფრიკული წარმომავლობის ამერიკელებს მუდმივად მამრი ცხოველების აღმნიშვნელი ტერმინით, buck, მოიხსენიებს. რომანი ფემინისტური პერსპექტივიდანაც პრობლემატურია: ნაწარმოების ქალ პერსონაჟებს სიღრმე და დამოუკიდებლობა აკლიათ და ამ ყველაფერთან ერთად, მკითხველი მათ კაცების სურვილების პრიზმიდან ხედავს.

თუმცა ახლა უკვე გზა ხსნილია, რომ ნაწარმოების ამ დაძველებულ, უხერხულ ასპექტებს ხელოვანები შემოქმედებითად შეეპასუხონ. ახალი მინისერიალი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაანონსდა, ამ მიზნისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნება. სერიალზე მაიკლ ჰირსტი და ფიცჯერალდის შვილთაშვილი, ბლეიკ ჰაზარდი მუშაობენ. მინისერიალის მიზანი კლასიკური რომანის თავიდან გაცოცხლებაა. "ძალიან დიდი ხანი ვოცნებობდი დიდი გეტსბის უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური ვერსიის შექმნაზე. ვერსიისა, რომელიც ჩვენი დროის ამერიკას უფრო ზუსტად აირეკლავდა და სკოტის მოუთოკავ რომანტიკაში ჩვენი თავის დანახვის უფლებას მოგვცემდა", — აღნიშნა ჰაზარდმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

საავტორო უფლებების მოხსნით გაღვივებული ინტერესი არა მხოლოდ ფიცჯერალდის რომანის რელევანტურობასა და სიღრმეს, არამედ იმასაც აჩვენებს, რომ ნაწარმოებს სიცოცხლისუნარიანობა არასოდეს დაუკარგავს. თქვენ შეგიძლიათ, რომანი 27 წლის ასაკში კვლავ წაიკითხოთ და დარწმუნდეთ, რომ თინეიჯერობის პერიოდში სრულიად განსხვავებულ დეტალებს აქცევდით ყურადღებას. 45 წლის ასაკში კი, როდესაც ნაწარმოებს კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით, ხელში სრულიად ახალ წიგნს დაიჭერთ. საავტორო უფლებებს სიტყვების ზემოქმედების უნარზე მონოპოლია არასდროს ჰქონია.

როცა რომანმა, ნიკი, გამოქვეყნების უფლება მოიპოვა, უკანასკნელი შესწორებების შეტანამდე სმიტმა დიდი გეტსბი კიდევ ერთხელ გადაიკითხა. "ვფიქრობ, ეს რომანი ის ნაწარმოებია, რომლის სიუჟეტიც ჩემს გონებაში, ჩემი პიროვნების განვითარებასთან ერთად, მუდმივად შეიცვლება. დიდებული ნაწარმოებების ძალაც სწორედ ეს არის", — ამბობს მწერალი.