ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსეთი საქართველოთი ჯერ სერიოზულად არ არის დაკავებული, თუმცა მოლოდინია, რომ ახლო მომავალში მას საქართველოზე სამუშაოდ რესურსი გაუთავისუფლდეს.

"რუსეთი საქართველოთი ჯერ სერიოზულად დაკავებული არ არის. ამას გეუბნებით მე, როგორც პროფესიონალი, მაგრამ იმის გამო, რომ სამხრეთ კავკასიაში, ქუჩურად რომ ვთქვათ, მოაყომარა ყველაფერი და უკრაინაშიც არც თუ ისე ცუდად აქვს საქმე, სამწუხაროდ, ზეწოლა, მცირდება უკრაინის გამო რუსეთის ფედერაციაზე, რუსეთს უახლოეს მომავალში გაუთავისუფლდება ან უკვე გაუთავისუფლდა უზარმაზარი პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო რესურსები იმისათვის, რომ დაიწყოს სერიოზული მუშაობა საქართველოში", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია 15 დეკემბერს დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ შეთანხმებას მან ხელი 20 აპრილს მოაწერა.