22 ივნისი, თბილისი — აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამის მოსწავლეების მეორე ნაკადმა სწავლის წარმატებით დასრულება ვირტუალურ გამოსაშვებ ცერემონიაზე აღნიშნა, რომელსაც პროგრამის პარტნიორმა სკოლამ — საქართველოს საერთაშორისო სკოლა — ახალი სკოლამ უმასპინძლა. საზეიმო ღონისძებაზე მოსწავლეებს, მათ ოჯახებსა და პედაგოგებს სიტყვით მიმართეს და სწავლის დამთავრება მიულოცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბ-ნმა მიხეილ ჩხენკელმა, ევროკომისიაში აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ბ-ნმა ლოურენს მერედითმა და იუნოფსის გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ქ-ნმა გრეტა ფარემომ. მისასალმებელ სიტყვებში ხაგზასმით აღინიშნა ახალი სკოლის წარმომადგენლებისა და მოსწავლეების ის სულისკვეთება, მონდომება და შემართება, რამაც განაპირობა სწავლის პროცესის წარმატებით დასრულება გლობალური პანდემიის არაორდინალურ და რთულ პერიოდში.

"ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, გულწრფელად გილოცავთ ყველას სკოლის დამთავრებას! მჯერა, რომ განათლება რომელიც მიიღეთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლაში, შეუქმნის მყარ საფუძველს თქვენ მომავალ საქმიანობას,“

ასე მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, თავის მისასალმებელ სიტყვაში ახალ კურსდამთავრებულებს

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ "პანდემიის პირობებში სწავლა საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა თქვენ ყველაფერს წარმატებით გაართვით თავი. თქვენ ხართ ძალიან ჭკვიანი, მონდომებით, ენერგიითა და ცნობისმოყვარეობით სავსე ახალგაზრდები და მე გისურვებთ შესაძლებლობებით სავსე ცხოვრებას, რათა მიაღწიოთ პირად და პროფესიულ წარმატებას. ხარისხიანი განათლება წარმოადგენს მთავარ ინვესტიციას ცხოვრებაში და მე მჯერა, რომ ეს ინვესტიცია დიდი მიღწევებისკენ გაგიკვალავთ გზას მომავალში“.

2021 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამას 34 კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები არიან აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. მოსწავლეებმა, რომელთა შორის 24 გოგონაა, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ორგანიზაციის დიპლომი მოიპოვეს და უმაღლეს განათლებას ევროპაში, შეერთებულ შტატებსა და მშობლიურ ქვეყნებში გააგრძელებენ. სასიხარულოა, რომ კურსდამთავრებულთა 30%-მა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ უნივერსიტეტში და მომავალი სასწავლო წლიდან შეუერთდებიან თავინათ თანატოლებს ესპანეთის, ნიდერლანდების, უნგრეთის, იტალიის, ბელგიის, ესტონეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ყატარის, თურქეთის, შეერთებული შტატებისა და კანადის უმაღლეს სასწავლებლებში.

"დღევანდელი კურსდამთავრებულების წარმატება არის მდგრადობისა და მიზანდასახულობის მაგალითი. თქვენ „ციფრულ სივრცეში“ გადაინაცვლეთ და გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომ თქვენ წინაშე არსებული გამოწვევებისგან გესწავლათ. თქვენ გამოავლინეთ თავდადება და ენთუზიაზმი".

"ახალი სკოლა დაგეხმარათ, გაზრდილიყავით პიროვნულად და უფრო მეტი დამოუკიდებლობა შეგეძინათ და უკეთ განგესაზღვრათ საკუთარი მომავალი“,

აღნიშნა ევროკომისიაში აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლოურენს მერედითმა, თავის მისასალმებელ სიტყვაში.

2021 წლის გამოსაშვები კლასის 34 მოსწავლიდან 11 საქართველოდანაა, მათ შორის თბილისიდან, ხაშურიდან, რუსთავიდან და ახალციხიდან. ბევრი მათგანი თავიანთი თანატოლების, პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების გზას გაჰყვნენ და ისეთი პროფესიები აირჩიეს როგორიცაა ბიოქიმიური ინჟინერია, მედიცინა, იურისპრუდენცია, კომპიუტერული მეცნიერებები და ეკონომიკა. მათი უმრაველსობა ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში განაგრძობს სწავლას.

საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა 2021 წლის კურსდამთავრებულმა ახალციხიდან, ნინო ჟუჟუნაძემ, რომელმაც ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში სასწავლებლად სტიპენდია მოიპოვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს დაეუფლება, მოგვიანებით კი ბიოქიმიურ ინჟინერიაში დასპეციალიზდება.

"ექვსი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ცხოვრება და სწავლა დამეხმარა, რომ ცხოვრებისთვის სხვა კულტურული პრიზმიდან შემეხედა და უფრო გამგები გავმხდარიყავი. ახალ სკოლაში შექმნილ მრავალფეროვან გარემოში გავიაზრე, რომ გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება თუ სხვადასხვა ცოდნისა და გამოცდილების ადამიანები ერთად იმუშავებენ. საერთაშრისო ბაკალავრიატის კურიკულუმის ფარგლებში შესრულებულმა ინდივიდუალურმა და ჯგუფურმა დავალებებმა მრავალი უნარ-ჩვევა განმივითარა, მათ შორის კვლევის, კრიტიკული აზროვნებისა და პრეზენტაციის უნარები. მჯერა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე მიღებული გამოცდილება, როგორც მომავალ მეცნიერს, დამეხმარება ახალ საუნივერსიტეტო გარემოში წარმატების მიღწევაში“.

2018 წელს პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ევროკავშირის დაფინანსება აღმოსავლეთ პარტრიორობის ექვსი ქვეყნის 105-მა მოსწავლემ მოიპოვა. ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ორგანიზაციის დიპლომისთვის მოსწავლეებმა ევროკავშირისგან სრული, ორწლიანი დაფინანსება მიიღეს. 2021 წლისთვის ევროპული სკოლა IB დიპლომით პირველი და მეორე ნაკადების 64-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 44 გოგონა და 20 ბიჭია. კურსდამთავრებულები სწავლას გააგრძელებენ ეკონომიკის, ბიოქიმიური ინჟინერიის, ფიზიკის, სოციალური მეცნიერებების, ხელოვნებისა და კულტურის, კომუნიკაციისა და მედიის, საერთაშორისო ურთიერთობების, მედიცინის, იურისპრუდენციის, თავისუფალი და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობებით. ამასთან, 2021-2023 აკადემიურ სასწავლო წელს პროგრამას კიდევ 40 მოსწავლე შემოუერთდება, რომლებმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე კონკურენტული შერჩევის პროცესი, მათ შორის წერილობითი ტესტები და ინტერვიუები, წარმატებით გაიარეს.

თავის მისასალმებელ სიტყვაში იუნოფსის გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეტა ფარემომ აღნიშნა: "დღევანდელი წარმატება თქვენი თავდაუზოგავი შრომის, გამძლეობისა და ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალურად ათვისების დასტურია. იუნოფსისთვის დიდი პატივია, იყოს თქვენი ამ გზის ნაწილი".

"ვამაყობთ, რომ ვმუშაობთ ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, რომ ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს მაღალი ხარისხის განათლების შესაძლებლობები შევთავაზოთ. ერთად ჩვენ ყველასთვის უკეთეს მომავალს შევქმნით“.

ასე დაასრულა მიმართვა გრეტა ფარემომ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა ევროკავშირის ინიციატივაა პარტნიორობის ექვსი ქვეყნისათვის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია საშუალო განათლებაზე და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებას, მაღალი ხარისხის განათლების მიღებას სთავაზობს ბოლო ორი დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან. მოსწავლეები შეირჩევიან კონკურსის წესით და სწავლის წარმატებით დასრულებისას მოიპოვებენ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომს ევროპათმცოდნეობის დარგში. პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, თანამშრომლობის, მულტიკულტურული გამოცდილების, ტოლერანტობისა და ფუნდამენტური ღირებულებების გაძლიერებას, ასევე, ევროკავშირის და მის მიერ რეგიონში მიმდინარე საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს იუნოფსი (UNOPS), საქართველოს საერთაშორისო სკოლა - ახალი სკოლა-სთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ორგანიზაციასთან პარტნიორობით.