გახსოვთ ჩვენი ტესტი — გაეტევი თუ არა სახლიდან კარანტინის დასრულების შემდეგ? თქვენი არ ვიცით, თუმცა, ამ სტატიის მთავარი გმირის შედეგი რომ უარყოფითი პასუხი იქნებოდა, ამაში დარწმუნებულები ვართ.

ტაილანდელი რაჩადავან პუნგპრასოპონი შაბათ დილას რახარუხის ხმამ გააღვიძა. როცა დამნაშავის აღმოსაჩენად სამზარეულოს მიაშურა, ხელში ბოთე სპილო შერჩა, რომელსაც თავი შემომტვრეულ კედელში გასჭედოდა და ამაოდ ცდილობდა სასუსნავების პოვნას.

სანამ სპილო, სახელად ბუნჩუაი თავისი ხორთუმით ტაფებსა და ქვაბებს მუსრს ავლებდა, დაბნეულმა რაჩადავანმა ისღა მოიფიქრა, სანახაობა საკუთარი ტელეფონით გადაეღო.

როგორც შემდგომში გაირკვა, ბუნჩუაისა და მისი ნათესავების დაუპატიჟებელი სტუმრობა ადგილობრივების სახლებში სულაც არაა უჩვეულობა. სპილოები დასახლების მახლობლად მდებარე ეროვნულ პარკში ცხოვრობენ და ზოგჯერ, როცა საჭმლის სუნი ეცემათ, პირდაპირ სახლების სამზარეულოებს მიაშურებენ ხოლმე.

რეალურად, საქმე არც ისე სახალისოდაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს — ღამეული სტუმრების მოსვლა ადგილობრივებს ასეულობით დოლარის ზარალად უჯდებათ. ამასთან, სპილოები ხშირად დადიან დასახლებებთან ახლოს მდებარე პლანტაციებსა და ბაღებში და არც შაქრის ჭარხლისა და სიმინდის დაგემოვნებაზე ამბობენ უარს.

თუმცა, ადგილობრივები სპილოებზე მაინც არ არიან განაწყენებულნი. ერთ-ერთ სოფელში მცხოვრების თქმით, ისინი გაბრაზებულები არიან იმაზე, რაც ხდება და გამოსავლის პოვნას ცდილობენ, მაგრამ სპილოებს სულაც არაფერს არ აბრალებენ".

ადგილობრივი მოხალისეები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ცხოველებს თვალყურს ადევნებენ და ხმამაღალი სიგნალებით ცდილობენ, უკან, ტყისკენ გააბრუნონ.

ფოტო: Filrom / Getty Images

აღსანიშნავია, რომ აზიაში ველური ცხოველების ადამიანის საცხოვრებელთან მიახლოების შემთხვევები იმატებს, რადგან მათი ბუნებრივი სამოსახლო ნადგურდება ან სარჩო უთავდებათ. 2020 წლის მარტში ჩინეთში 15 სპილოსგან შემდგარი ჯგუფი საცხოვრებელს მოშორდა და მოგზაურობა დაიწყო. ივნისის ცნობების მიხედვით, მათ, დაახლოებით, 500 კილომეტრი გაიარეს უკვე და გზად $1 მილიონი ღირებულების მოსავალიც გაანადგურეს.