მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სამყაროს 27% და სამყაროს მატერიის 85% შედგება მატერიის ფორმისგან — ბნელი მატერიისგან, რომლის გარეშეც მისი ჩამოყალიბება შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, ჰაბლმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი გალაქტიკა — (UDG) NGC1052-DF2 (DF2) აღმოაჩინა, რომელშიც ბნელი მატერია უბრალოდ არაა.

მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა, რომელსაც ზილი შენი და პიტერ დოკუმი იელის უნივერსიტეტიდან და მოწინავე კვლევების ინსტიტუტის სტუდენტი შანი დანიელი ხელმძღვანელობდნენ, DF2-მდე მანძილი გაზომა და აღმოაჩინა, რომ ეს გალაქტიკა ჩვენგან 22.1 +/-1.2 პარსეკითაა დაშორებული, რაც ამტკიცებს, რომ გალაქტიკაში ბნელი მატერია არაა.

აღსანიშნავია, რომ გალაქტიკაში სრული მასის დაკვირვებად ეფექტს სწორედ ბნელი მატერიის არსებობით ხსნიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატერიის არსებობა პირდაპირი დაკვირვებებით ჯერ არ დადასტურებულა, მისი გრავიტაციული გავლენა ხილვადი მატერიის მოძრაობაზე შესამჩნევია. DF2-სა და DF4-ის შემთხვევაში, მკვლევრებმა გალაქტიკებში ვარსკვლავების მოძრაობის ახსნა მხოლოდ ვარსკვლავური მასებით შეძლეს, რაც ნიშნავს, რომ მათზე ბნელი მატერია არ ახდენს გავლენას. აქედან გამომდინარე, აქ ბნელი მატერია არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ამ გალაქტიკებში ბნელი მატერიის აღმოჩენა, შესაძლოა, მეცნიერებს მათი უჩვეულო ბუნების ახსნაში დაეხმაროს და ახალი ინფორმაცია მოგვაწოდოს გალაქტიკების ევოლუციის შესახებ.

აღნიშნული კვლევა 2019 წლის კვლევის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. ამ უკანასკნელმა (2019 წლის კვლევა) დაადასტურა, რომ ჩვენს კიდევ ერთ მეზობელ გალაქტიაკში UDG NGC1052-DF4 (DF4)-ში ასევე არ იყო ბნელი მატერია.

"DF2-მდე ზუსტი მანძილის გაზომვა აღმოჩნდა ის მთავარი რამ, რამაც ჩვენი ადრეული შედეგები დაადასტურა", — ამბობს დანიელი. "კვლევის ფარგლებში გაკეთებულ ახალ გაზომვას გადამწყვეტი გავლენა აქვს გალაქტიკის ფიზიკური თვისებების შეფასებაზე და იგი ამ გალაქტიკაში ბნელი მატერიის არარსებობაზე მიუთითებს".

"პირველად, ჰაბლის ტელესკოპით ამ გალაქტიკაზე დაკვირვებების წარმოება 2018 წელს დავიწყეთ", — ამბობს დოკუმი. "ვფიქრობ, მეცნიერები სწორად იქცევიან, როდესაც აღმოჩენას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, რადგან ეს მართლაც უჩვეულო შედეგია. კარგი იქნებოდა, ამას რაიმე მარტივი ახსნა რომ ჰქონდეს, მაგალითად, მანძილი იყოს არასწორად გაზომილი ან რამე მსგავსი. მაგრამ, თუ ეს მართლაც რაღაც უცნაური გალაქტიკაა, ეს ყველაფერს უფრო საინტერესოს გახდის".

როგორც აღმოჩნდა, DF2 და DF4 ზომით ირმის ნახტომის გალაქტიკის მსგავსები არიან, თუმცა მათი მასები ჩვენი გალაქტიკის მასის 1%-ს შეადგენს. ეს მათ ულტრა-დიფუზიურ თვისებაზე მიანიშნებს.

"არსებობს გამოთქმა, რომ უჩვეულო განცხადებები უჩვეულო მტკიცებულებებს საჭიროებს. მანძiლის ახალი გაზომვები მხარს უჭერს აქამდე ჩვენ მიერ გაკეთებულ აღმოჩენას იმის შესახებ, რომ DF2-ში ბნელი მატერია არაა", — ამბობს შენი. "ახლა კი დროა, გავცდეთ დებატებს მანძილზე და იმაზე მივმართოთ ჩვენი ყურადღება, თუ როგორ გაჩნდნენ ასეთი გალაქტიკები".