დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება. სულაკაურის გამომცემლობა უამრავ სიახლეს უმზადებს პატარა მკითხველებს. ზაფხულის არდადეგების მოახლოებასთან ერთად, მშობლებისათვის კვლავ აქტუალური ხდება ბავშვების გართობა წიგნებითა და შემეცნებითი აქტივობებით. როგორ მოახერხოთ ეს? ეწვიეთ სულაკაურის გამომცემლობის საფესტივალო სტენდს, სადაც თქვენი პატარებისთვის საინტერესო თუ საჭირო არაერთ დასახელებას იპოვით.

სულაკაურის გამომცემლობა 24-27 ივნისს, ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში დაგელოდებათ. აქვე გაცნობებთ, რომ ფესტივალის დღეებში წიგნების ფასდაკლებით შეძენა შეგეძლებათ გამომცემლობის ვებგვერდზეც: www.sulakauri.ge

1. იპოვე ნახატები, ისწავლე სიტყვები

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

სერია იპოვე ნახატები, ისწავლე სიტყვები აერთიანებს პატარა ფორმატის წიგნებს ბავშვებისათვის 12 თვიდან და დიდი ფორმატის წიგნებს - ბავშვებისათვის 18 თვიდან. სერიის სრულად ილუსტრირებული გამოცემები პატარებს სიტყვათა მარაგის გამდიდრებაში დაეხმარება. ბავშვები შეისწავლიან ცხოველებისა თუ ფერების სახელებს და ისეთ საბაზისო სიტყვებს, რომლებიც მათ ყოველდღიურად ესმით. სერიის დიდი ფორმატის წიგნები, ვინაიდან შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებისათვისაა, გამორჩეულია იმით, რომ ყოველი სიტყვის შესაბამისი ილუსტრაცია დიდ სიუჟეტურ ნახატზეც მეორდება. მათი პოვნა დამატებითი შემეცნებითი აქტივობაა და ბავშვის კონცენტრირების უნარის განვითარებას ემსახურება.

ასაკი: 12-18 თვე +

2. პოპი, სემი და ცხოველები

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

პოპი, სემი და ცხოველები 2 წლის ასაკის ბავშვებისთვის გამოცემული ახალი დასახელებაა. მხიარულ და-ძმასა და მათი ფერმის ონავარ ბინადრებს წიგნის ფესტივალზე წელს პირველად შეხვდებიან პატარა მკითხველები. მათი სასაცილო თავგადასავლებით ბავშვები უკეთ გაიცნობენ და შეიყვარებენ შინაურ ცხოველებსა და სოფელს. წიგნის ყოველ გვერდზე დამალული იხვის პოვნა კი წიგნში მოცემულ 10 მხიარულ ამბავს კიდევ უფრო სახალისოს გახდის.

ასაკი: 2+

3. ჩემი პირველი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ახალი სერია ჩემი პირველი აერთიანებს სრულად ილუსტრირებულ, მყარი მუყაოს წიგნებს ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან. სერიაში გაერთიანებული დასახელებები სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა თუ პირველკლასელებს გააცნობს ყველაზე ცნობილი ქართველი საბავშვო პოეტების საუკეთესო ლექსებს, გამოცანებს, ქართულსა და ინგლისურ ანბანებსა თუ რიცხვებსა და რაოდენობებს. ფესტივალზე სულაკაურის გამომცემლობის სტენდზე სერიის შემდეგ დასახელებებს ნახავთ:

  • ჩემი პირველი ლექსები — ცნობილი საბავშვო პოეტების რჩეული ლექსების კრებული;
  • ჩემი პირველი ქართული ანბანი — ანბანის რიგზე დალაგებული სიტყვები მათი შესატყვისი ფერადი ილუსტრაციებით;
  • ჩემი პირველი ინგლისური ანბანი — ერთგვარი ილუსტრირებული ლექსიკონი;
  • ჩემი პირველი რიცხვები — ციფრებისა და 20-მდე რაოდენობების შესწავლისათვის;
  • მაყვალა მრევლიშვილისა და გივი ჭიჭინაძის ლექსების კრებულები;
  • ჩემი პირველი გამოცანები — ანბანის რიგზე დალაგებული, გარითმული გამოცანები გივი ჭიჭინაძის ავტორობით;
  • იაკობ გოგებაშვილის დედა ენიდან ამოკრეფილი ჩემი პირველი მოთხრობები.

ასაკი: 3+

4. დაწერე და წაშალე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თუ გსურთ, თქვენმა შვილებმა ნაყოფიერად გაატარონ ზაფხული და მომავალი სასწავლო წლისთვის მეტად გაივარჯიშონ გონება - ისწავლონ ქართული და ინგლისური ანბანი, საათის ცნობა, გამრავლების ტაბულა, შეკრება და გამოკლება; ასევე, ამოხსნან სახალისო ლოგიკური თავსატეხები, კროსვორდები, რებუსები თუ სუდოკუები, ამაში ჩვენი ახალი სერია დაგეხმარებათ. სერიის ფერადი წიგნები განსაკუთრებული კონცეფციით გამოირჩევა - ყველა წიგნს მოჰყვება კალამი, რომლითაც წიგნის პრიალა ფურცლებზე ადვილად იწერება, ხოლო ნაწერი ადვილადვე იშლება. ეს საშუალებას მისცემს ბავშვს, რამდენჯერმე წაშალოს და ხელახლა შეასრულოს ერთი და იგივე დავალება, სანამ კარგად არ გაიაზრებს ან სწორად არ ამოხსნის მას.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე პატარებს სერიის დაწერე და წაშალე უახლესი დასახელებები დახვდებათ:

  • რა დროა ახლა;
  • წერა და კითხვა - ქართული ენა;
  • მოემზადე სკოლისთვის;
  • ქართული ენა - თავსატეხები.

ასაკი: 5+

5. ჩემი სკოლა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

სულაკაურის გამომცემლობის საფესტივალო სტენდზე კიდევ ერთი სიახლეა - სერია ჩემი სკოლა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვისაა და სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის საგანმანათლებლო რესურსებს აერთიანებს. სერია, რომლის კონცეფცია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნობრივ სტანდარტებს ეყრდნობა, ბავშვებს საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში და სკოლაში მიღებული ცოდნის განმტკიცებაში დაეხმარება. სერიის ფარგლებში გამოცემული შემეცნებითი ყუთები მოიცავს მოძრავ რიცხვებს, მოძრავ ქართულსა და ინგლისურ ანბანებს, ლოტოებსა და შემეცნებით სამაგიდო თამაშებს. მათი დახმარებით დაწყებითი სკოლის მოსწავლეები ხალისიანად და საინტერესოდ გაატარებენ მთელ ზაფხულს მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად და თამაშით გაიმყარებენ მიღებულ ცოდნას. ამ ეტაპზე სერია მოიცავს სამ ძირითად სასკოლო საგანს: ქართულს, მათემატიკასა და ინგლისურს. მეოთხე საგანი, ბუნება, სულ მალე ორი ახალი დასახელებით შეივსება — ჩვენი ბუნება და ჩემი სხეული. ხოლო საგნობრივ კატეგორიაში ჩემი საქართველო უკვე მზადდება ძალიან სახალისო და საინტერესო სამაგიდო თამაში საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიაში ცოდნის გასაღრმავებლად.

ასაკი: 6+

6. ხუთეული შესანიშნავად ერთობა (მე-11 წიგნი) — ენიდ ბლაიტონი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

სულაკაურის გამომცემლობას პატარა მკითხველებისთვის კიდევ ერთი კარგი ამბავი აქვს! ყველასათვის საყვარელი ენიდ ბლაიტონის ცნობილი ხუთეულის სერიას მე-11 წიგნი შეემატა და უკვე მზადაა, ზაფხულის ცხელი დღეები და კარსმომდგარი არდადეგები ახალი თავგადასავლებით გაგიხალისოთ!

სახელგანთქმული ხუთეულის ახალი ისტორია სახალისოცაა და, ცოტა არ იყოს, სახიფათოც. თუმცა, როგორც უკვე იცით, ამ ბავშვებს გამჭრიახობა და გაბედულება არასდროს ღალატობთ, არც მაშინ, როცა საქმე მთის წვერზე მდგარ დანგრეულ კოშკსა და მის იდუმალ ბინადარს ეხება.

მთარგმნელი: ნიკა სამუშია
ასაკი: 8+

7. ჩვენი სამხრეთი & ბიჭი ბოლო მერხზე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

სერია საოცრებას კიდევ ორი საოცარი წიგნი შეემატა. ჩვენი სამხრეთი ძალზე მხიარული, ნათელი ამბავია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთი ჩვეულებრივი, უღიმღამო ზაფხული დაუვიწყარ თავგადასავლად იქცეს. სწორედ ასეთი საინტერესო ზაფხული ელის ამ წიგნის მკითხველებსაც.

ჩვენი სამხრეთი 11 წლის გოგონას, ინას შესახებ მოგვითხრობს, რომლის კლასელები ზაფხულის არდადეგებს საზღვარგარეთ ატარებენ. ინასაც უნდა, არ ჩამორჩეს თანაკლასელებს, ამიტომ ამბობს, სამხრეთით მივდივარო. თუმცა, სამხრეთი ხომ არცერთ ქვეყანას არ ჰქვია! ინას ახალი კლასელი, ვილმერი, კარგად ხვდება, რასაც გულისხმობს გოგო, ამიტომ ცდილობს, დაუახლოვდეს მას და ერთად წავიდნენ იქ... სამხრეთში...

ნაწარმოები მოგვითხრობს სიყვარულის, სიკეთისა და მეგობრობის შესახებ, რის დამსახურებითაც წიგნი არა მხოლოდ პატარებს, არამედ უფროს მკითხველსაც იოლად შეაყვარებს თავს.

მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე
ასაკი: 9+

ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე იუმორით აღსავსე და, ამავე დროს, გულის ამაჩუყებელი ისტორია - ომსა და ძალადობას გამოქცეული ბიჭის, აჰმეტისა და მისი ახალი მეგობრების შესახებ მოგვითხრობს. ავტორი ლონდონის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების ყოველდღიურ ცხოვრებასა და მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე ლაღი იუმორით გვიამბობს, რის გამოც წიგნი უკვე შეუყვარდათ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროს მკითხველებსაც.

მთარგმნელი: მაია წითაძე
ასაკი: 8+

8. რჩეული საბავშვო მოთხრობები — რევაზ ინანიშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

წლევანდელი ფესტივალის განსაკუთრებული სიახლეა ყველასთვის საყვარელი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის რჩეული საბავშვო მოთხრობები. სულაკაურის გამომცემლობა ავტორის გამორჩეულ მოთხრობებს ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ ახალ კრებულში გთავაზობთ.

თითქოს არც ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც ამ მოთხრობებში ასახული ამბები მოხდა, მაგრამ სამყარო, რომელშიც ბავშვები ახლა იზრდებიან და სამყარო, რომელშიც მოთხრობების გმირები ცხოვრობდნენ, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

თანამედროვე მკითხველისთვის სწორედ ამის გამოც უნდა იყოს საინტერესო ამბები ბავშვებისა, რომლებსაც არც ინტერნეტი აქვთ გასართობად და არც ათასნაირი სათამაშო; ბავშვებისა, რომლებიც ფეხით სიარულისას ბალახებში გაყუჩებულ კალიებსა და მოჭიდავე თაგუნიებს აკვირდებიან; გოგონასი, ღამე და ტყე რომ შეუყვარდა; პატარა მელასი, რომელიც როგორღაც ძალიან დიდ ქალაქში მოხვდა და მისადმი საოცრად კეთილგანწყობილი ადამიანები აღმოაჩინა.

ასაკი: 8-15 წელი

9. ვარსკვლავების მდინარე — ელისო ჩუბინიშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

განძის ძიება მსოფლიო საყმაწვილო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი თემაა, განსაკუთრებით კი ზაფხულში საკითხავად. თანამედროვე ქართველი მწერლისა და ილუსტრატორის, ელისო ჩუბინიშვილის, ახალ წიგნში — ვარსკვლავების მდინარე სწორედ ასეთი ამბავია მოთხრობილი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა სერიაში მოსწავლის ბიბლიოთეკა.

წიგნის მთავარი გმირები, დოდორა და ჩაჩალა, ზღაპრულ ტყეში ცხოვრობენ. ერთ დღეს ჩაჩალა მთაში გამგზავრებას და იქ გადამალული ხელშეუხებელი განძის პოვნას გადაწყვეტს. ის მთის სახიფათო ბილიკებსა და კლდეში გამოკვეთილ გვირაბებს მიჰყვება, ტყეში დარჩენილი დოდორა კი მონატრებულ მეგობარს ელის... ჩაჩალა გზად არაერთ საინტერესო არსებას ხვდება: მთის კეთილ მორიგეს, პალიკოს; განდეგილსა და სიტყვაძუნწ ბოდოს; ბარილეს, რომელიც გარშემო ყველაფერს ყინავს.

წიგნში აღწერილი ჯადოსნური სამყარო, ზღაპრული ტყის მცხოვრებთა საოცარი მეგობრობა და მოულოდნელი ფათერაკები ნებისმიერ ახალგაზრდა მკითხველს დაუვიწყარ ზაფხულს ჰპირდება. წიგნი ავტორის მიერ შექმნილი შესანიშნავი ილუსტრაციებითაა გაფორმებული.

ასაკი: 9+

10. ჯეინ ეარი — შარლოტ ბრონტე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

წიგნის ფესტივალზე სულაკაურის გამომცემლობის ერთ-ერთი სიახლე ცნობილი ინგლისელი მწერლის, შარლოტ ბრონტეს რომანი, ჯეინ ეარი იქნება, რომელიც ხელახლა შესანიშნავად თარგმნა ციცო ხოცუაშვილმა.

ჯეინ ეარი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანია, თავად მთავარი გმირი კი – ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ხასიათის, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ქალი. ნაწარმოები დღემდე იმდენად პოპულარულია, რომ მისი არაერთი ეკრანიზაცია არსებობს. რომანი თავისი უშუალობით, პირდაპირობითა და მასში დასმული, დღემდე აქტუალური, ზოგადსაკაცობრიო საკითხებით თანამედროვე მკითხველის გულსაც იოლად იპყრობს.

მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
ასაკი: 13+