თბილისის მერიის განცხადებით, პირველი ივლისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი დედაქალაქში ჩვეულ რეჟიმში აღადგენს მუშაობას. როგორც On.ge-ის თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განუმარტეს, მეტრო 00:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო ავტობუსებს ინდივიდუალური გრაფიკი აქვთ და ამ გრაფიკით გააგრძელებენ მუშაობას.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება, რომლის შედეგადაც, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც. პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან. კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას პირბადის ტარების აუცილებლობა. აღნიშნული საკითხი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მომავალშიც მკაცრად გაკონტროლდება", — ამბობენ თბილისის მერიაში.

დღეს, 22 ივნისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომენდანტის საათი ქვეყანაში 1-ლი ივლისიდან მოიხსნება, ხოლო ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტები მუშაობას მხოლოდ ღამის 00:00 საათამდე შეძლებენ.