პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 21 ივნისს რესპუბლიკურ, ინფექციურ საავადმყოფოებში და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შექმნილ ლოჯისტიკურ პრობლემასთან დაკავშირებით პასუხი ვიღაცამ მაინც უნდა აგოს. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

"რომ მივიდნენ და სახლში რომ გაუშვეს, წინასწარ მაინც ეთქვათ, მაინც დაერეკათ ამ რეგისტრირებული ადამიანებისთვის, რომ სადღაც ქალაქის ერთი ბოლოდან არ მოსულიყვნენ მეორე ბოლოში. ხომ იცოდნენ, რეგისტრირებული ადამიანები ვინ იყვნენ? ამ მავნებლობის გამო, ვინმემ პასუხი არ უნდა აგოს? ზრდილობის გულისთვის მაინც ვიღაცა არ უნდა გადადგეს, ბოდიში ვიღაცამ არ უნდა მოიხადოს? თუ მანდაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა, ის დოზები მოიპარა და დამალა?", — აცხადებს ელისაშვილი.

21 ივნისს რესპუბლიკურ, ინფექციურ საავადმყოფოებში და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით, უახლოეს პერიოდში შეეძლებათ აცრა.