გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილების საქმიანობა ჩვენი მკითხველისთვის უცხო არ არის. მათი აქტივობა საჯარო სივრცესა თუ სოციალურ ქსელებში საზოგადოების დაყოფის, სიტუაციის რადიკალიზებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული. მამა-შვილს ძირითადად ჰომოფობიური, ქსენოფობიური მოტივები და ძალადობრივი მოწოდებები აქვთ, რასაც ბავშვებსა და სარწმუნოებაზე ზრუნვად ფუთავენ.

აღსანიშნია ისიც, რომ ფალავანდიშვილები არამხოლოდ ძალადობრივ ჯგუფებს, არამედ პოლიტიკურ პარტიასაც მართავენ, რომელსაც ქართული იდეა ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ფალავანდიშვილები ყოველთვის მთელი ქვეყნის და ერის სახელით საუბრობენ, ცესკოს მონაცემებით, ბოლო არჩევნებზე ხმების 0,43% აიღეს.

როგორც ჩანს, პარტია მარცხს მარტივად არ ეგუება. სამართლიანმა არჩევნებმა გამოავლინა ქართულ იდეასთან დაკავშირებული ქსელი, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა. ISFED-ის განცხადებით, ქსელის ძირითადი მიზანი პარტიის მხარდაჭერების ხელოვნურად გაზრდა და ოპონენტთა დისკრედიტაციაა. თუმცა, არამხოლოდ ეს. ანგარიშში იკვეთება ფალავანდიშვილების ქსელის კავშირები ალტ-ინფოსთან, ლევან ვასაძესთან, მეუფე სპირიდონთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ფალავანდიშვილებმა ქსელი გამოიყენეს თბილისი პრაიდის, სახალხო დამცველისა და რიონის ხეობის მცველების დისკრედიტაციისთვისაც.

"პოლიტიკური პოლარიზაციისა და აგრესიის გაღვივების მიზნით, აღნიშნული ქსელი მკვეთრად ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ, მიზოგინიურ და ძალადობრივი შინაარსის პოსტებს ავრცელებს. გამომწერების აზრზე ზეგავლენისთვის, გვერდები სისტემატურად მანიპულირებენ საზოგადოების რელიგიური და ნაციონალისტური გრძნობებით", — ვკითხულობთ ISFED-ის ანგარიშში.

ქართული იდეის კოორდინირებული ქსელი

ორგანიზაციის განცხადებით, ქართული იდეის კოორდინირებული ქსელი 11 გვერდისგან შედგება, საიდანაც 5 ანონიმურია, დანარჩენი კი პარტიას ღიად უჭერს მხარს. მათივე ინფორმაციით, გვერდები "ლიბერალიზმი კლავს", "ახალგაზრდული", "პოლიტიკური ნაკვალევი", "დიდ ხარ შენ უფალო" და "ქართული გვერდი" შეფარულად მოქმედებენ, თითქოს ისინი რელიგიური, ნაციონალისტური ან ზოგადად პოლიტიკური მოვლენების გამშუქებელი გვერდები არიან.

ფოტო: William Joel / The Verge

ეს ტაქტიკაც კარგად ნაცნობია და მას ხშირად მიმართავენ სხვა პარტიები, მათ შორის, პატრიოტთა ალიანსი და ქართულ მარში. ორივე მათგანის ქსელი ფეისბუქმა უკვე წაშალა წესების დარღვევის გამო.

რა ტაქტიკა აქვთ ფალავანდიშვილებს

ორგანიზაციის განცხადებით, ქართული იდეა არაკეთილსინდისიერად იყენებს პლატფორმის შესაძლებლობებს და პარტიის ღიად მხარდამჭერ გვერდებზე გამოქვეყნებულ მასალას კოორდინირებულად ავრცელებს.

"ქსელის ტაქტიკა ერთგვაროვანია — პირველ ეტაპზე, ქართული იდეის ლიდერები იწყებენ ე.წ. ლაივ ვიდეოს პირად ან პარტიის ოფიციალურ გვერდებზე. შემდგომში, ვიდეოს ნახვების გაზრდის მიზნით, ანონიმური გვერდები დროის ერთ მონაკვეთში აზიარებენ აღნიშნულ ვიდეოებს.

რიგ შემთხვევებში, კამპანია დასპონსორებულ პოსტებს მოიცავს, რომლის ავტორები ანონიმური გვერდები არიან, რათა დაფარული იყოს დისკრედიტაციული და მხარდამჭერი ნარატივების რეალური გამავრცელებლის ვინაობა", — წერია განცხადებაში.

CrowdTangle-ით გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, შექმნის დღიდან 7 ივნისის ჩათვლით, ქართული იდეის კოორდინაციული ქსელის ჯამური ინტერაქცია 3,83 მილიონია და ჯამში, მოცემულ გვერდებს 216 191 გამომწერი ჰყავთ.

ISFED-ის ანგარიშის თანახმად, კოორდინირებული ქსელის სათავეში რატი ყაველაშვილია. ის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში, დეკანოზ თადეოზ სარალიძესთან სტიქაროსანია. აღსანიშნავია, რომ სარალიძემ ბავშვთა მიმართ სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გამო, საპატრიარქოსგან საეკლესიო სასჯელი მიიღო. თადეოზ სარალიძე, 2020 წელს, ქართული იდეის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა და მრევლს არჩევნებში პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

ფოტო: ფეისბუქგვერდი "ქართული იდეა — qartuliidea.ge" / ISFED

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რატი ყაველაშვილი მართავს ქსელის ჯგუფს "დიდ ხარ შენ უფალო" და მინიმუმ ორ გვერდს — "დიდ ხარ შენ უფალო" და "ქართული გვერდი". "დიდ ხარ შენ უფალო" რელიგიური შინაარსის ანონიმური გვერდია. გვერდის აღწერაში მითითებულია პოსტების მოჩვენებითი შინაარსი: "აქ იხილავთ: ხატებს, ლოცვებს, ვიდეოებს, და სხვადასხვა სიახლებს". რეალურად, გვერდი აქვეყნებს რელიგიურ მასალას გამომწერების მოზიდვისა და მომხმარებლების ნდობის მოპოვების მიზნით, შემდგომში კი მოზიდულ ფართო აუდიტორიას ქართული იდეის მხარდამჭერ, ანტილიბერალურ და ძალადობრივ ნარატივებს აწვდის.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის სექტემბრის თვეში, ქართული იდეის ლიდერები სწორედ ამ გვერდს იყენებდნენ ლაივ ჩართვებისთვის.

ფოტო: ფეისბუქ გვერდი "დიდ ხარ შენ უფალო" / ISFED

შენიღბული გვერდები და ომბუდსმენის დიკსრედიტაციის ტალღა

ანგარიშის მიხედვით, ამავე სახელით მოქმედ ჯგუფში ყაველაშვილი აზიარებს ქართული იდეის ლიდერების პირდაპირ ჩართვებს, ალტ-ინფოს გადაცემებს, სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტირებელ პოსტებს და სასულიერო პირების საკვირაო ქადაგებებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ჯგუფი მეუფე სპირიდონის მხარდამჭერ კამპანიასაც ეწევა, რომელმაც ნინოწმინდის პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობის სავარაუდო ფაქტები დაფიქსირდა, ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა. საზოგადოებამ აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა, ქართულმა იდეამ კი სახალხო დამცველის მადისკრედიტირებელი კამპანია წამოიწყო, მათ შორის, ფეისბუქზეც.

პარტია ავრცელებს კონსპირაციებს და იტყუება, თითქოს სახალხო დამცველს პანსიონში "გარყვნილების და სიბილწის პროპაგანდის" შეტანა სურს. ამის გამო, ჯგუფმა "დიდ ხარ შენ უფალო" და "ქართული იდეის გვერდმა", სახალხო დამცველის მადისკრედიტირებელი მასალების გავრცელება დაიწყეს. ISFED-ის განცხადებით, ამ მიზნით გაზიარებულ პოსტებს შორისაა გია გაჩეჩილაძის მოძრაობა აი იას და გადაცემა "უცნობის კიდობანის" მასალები, ასევე სამთავრობო მედია POSTV-ის ანტილიბერალური გადაცემები.

ფოტო: ფეისბუქჯგუფი „დიდ ხარ შენ უფალო" / ISFED

ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსია "ქართული გვერდის" ტაქტიკაც და მასალაც, რომელიც, ასევე, შენიღბულად მოქმედებს.

"ყველაფერი ქართული, ქართული ამბები, ქართული სიმღერები, ქართული მუსიკა, ქართული ლექსები" — ვკითხულობთ გვერდის აღწერაში, მაგრამ არსადაა მითითებული, რომ ის პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია. ანგარიშმა გამოავლინა, რომ ნაციონალისტურ და რელიგიურ პოსტებში შერეულია ქართული იდეის ლიდერების მოწოდებები და შეთავაზებები ლევან ვასაძის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობა ერში გასაწევრიანებლად.

ორგანიზაციის განცხადებით, გვერდზეა მითითებული რატი ყაველაშვილის Youtube არხიც, რომელზეც, საკვირაო ქადაგებებთან ერთად, კონსპირაციული, ოპონენტების მადისკრედიტირებელი და ქართული იდეის მხარდამჭერი ვიდეოები ქვეყნდება. გვერდი ხშირად მანიპულირებს დავით გარეჯის საქმით, ავრცელებს ქსენოფობიურ განცხადებებს და ლიბერალებს ანტიეროვნულებად აიდენტიფიცირებს დავით გარეჯის საქმის ირგვლივ არსებული შეხედულებების გამო.

ფოტო: ფეისბუქგვერდი "ქართული გვერდი/Georgian Page" / ISFED

ანგარიშის მიხედვით, შენიღბულად მოქმედებენ გვერდები "ახალგაზრდული", "ლიბერალიზმი კლავს" და "პოლიტიკური ნაკვალევი", რომლებიც, ძირითადად, ქართული იდეის ერთ-ერთი ლიდერის, რამინ აბესაძის პირდაპირი ჩართვების გაზიარებით არიან დაკავებულები. პირდაპირი ჩართვების დაწყებიდან მალევე, გვერდები დროის მოკლე მონაკვეთში აზიარებენ მის ვიდეოებს, ამიტომ, სავარაუდოა, რომ აღნიშნულ გვერდებს სწორედ რამინ აბესაძე მართავს.

რაში ვლიდება არაავთენტური ქცევა

ანგარიშის მიხედვით, კოორდინირებულ ქსელში მოქმედი კიდევ ერთი გვერდი გურამ ფალავანდიშვილის დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების სახელწოდებას ატარებს. თუმცა, აქ გავრცელებული და დასპონსორებული მასალა პარტია ქართული იდეის აქტივობების მხარდაჭერას ემსახურება. ამავე გვერდის ინფორმაციაშია მითითებული რელიგიური შინაარსის ვებ-გვერდი ZNEOBA.GE, რომელიც, ამჟამად, ივლისში დაგეგმილი ღირსების მარშის საწინააღმდეგო, ჰომოფობიურ კამპანიას ეწევა. იმავეს აკეთებს ფალავანდიშვილი საჯარო სივრცეშიც. ის აგრესიული მოწოდებებით გამოდის და თბილისი პრაიდის ღონისძიებების ჩაშლას გეგმავს.

ყველა სხვა დანარჩენი გვერდი ("ქართული იდეა - qartuliidea.ge", "რამინ აბესაძე • Ramin Abesadze", "საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ქართული იდეა", "ფალავანდიშვილთან" და "ქართული იდეა 4 ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის") პარტიის სახელით ღიად მოქმედი/ოფიციალური გვერდია. ISFED-ის განცხადებით, სწორედ აღნიშნული პოსტების გავრცელებას ცდილობენ ანონიმური გვერდები უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლით, რისთვისაც მომხმარებლების რელიგიურ და ნაციონალისტურ ღირებულებებს იყენებენ. ქართული იდეის გვერდები, ხშირად, ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ პირდაპირი ჩართვების (Live) ვიდეოებს დროის ძალიან მცირე ინტერვალებში, რაც მათ კოორდინირებულ ქცევაზე მიუთითებს.

"სოციალური მედიის კოორდინირებული ქცევის ერთ-ერთი გამოვლინებაა იდენტური პოსტის რამდენიმე გვერდზე, დროის ერთ, მოკლე, ინტერვალში გაზიარება. ამ მეთოდის მიზანი ფართო აუდიტორიაზე გასვლაა, რაც ხელოვნურად ზემოქმედებს საზოგადოებაში სასურველი პოლიტიკური დისკურსის სწრაფ და სისტემურ ჩამოყალიბებაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.

კანცელარიასთან ძალადობრივი შეკრების მოწოდების კოორდინირებული გავრცელება ქართული იდეის ანონიმურ ქსელში

კანცელარიასთან ძალადობრივი შეკრების მოწოდების კოორდინირებული გავრცელება ქართული იდეის ანონიმურ ქსელში

ფოტო: ISFED

ანგარიშში განხილულია შემთხვევა, როცა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რამინ აბესაძემ აუდიტორიას კანცელარიასთან შეკრებისკენ მოუწოდა ნინოწმინდის პანსიონატის "გარყვნილების და სიბილწის პროპაგანდისტებისგან დასაცავად". სწორედ ამ დროს, მთავრობის კანცელარიასთან სამოქალაქო აქტივისტები მშვიდობიან აქციას მართავდნენ პანსიონატში სახალხო დამცველის შეშვების მოთხოვნით.

"ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩავშალოთ და მათ ვერ შეძლონ ამ აქციის ჩატარება. თმებით არიან სათრევი ეს ხალხი" — ამბობდა რამინ აბესაძე პირდაპირ ჩართვაში. მისი ძალადობრივი მოწოდებები კი გვერდებზე კოორდინირებულად გაზიარდა რამდენიმეწუთიან შუალედში.

გამზიარებლებს შორის იყვნენ ანონიმური გვერდები: "დიდ ხარ შენ უფალო", "ახალგაზრდული", "ლიბერალიზმი კლავს", "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება".

კანცელარიასთან ძალადობრივი შეკრების მოწოდების კოორდინირებული გავრცელება ქართული იდეის ანონიმურ ქსელში

კანცელარიასთან ძალადობრივი შეკრების მოწოდების კოორდინირებული გავრცელება ქართული იდეის ანონიმურ ქსელში

ფოტო: ISFED

ISFED-ის განცხადებით, კოორდინირებული ქცევა შეინიშნება გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილების პოსტების გავრცელების დროსაც. ზოგიერთ შემთხვევაში, გამავრცელებელი ან პოსტის პირველწყარო გურამ ფალავანდიშვილის პირადი პროფილიცაა. გამავრცელებლებს შორის ფიგურირებს ქართული გვერდიც.

ალექსანდრე ფალავანდიშვილის პირდაპირი ჩართვის გავრცელება ქართული იდეის ანონიმურ ქსელში

ალექსანდრე ფალავანდიშვილის პირდაპირი ჩართვის გავრცელება ქართული იდეის ანონიმურ ქსელში

ფოტო: ISFED

ფალავანდიშვილებნი რიონის ხეობის მცველებთან და მათ წინააღმდეგ

საზოგადოებისთვის უცნობი არ არის, რომ ფალავანდიშვილები ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარს უჭერდნენ. ეს გამოიხატებოდა მათ ქსელშიც — თავდაპირველად ქართული იდეა აქტიურად ცდილობდა რიონის ხეობის მცველების დახმარებას ხალხის მობილიზებაში, თუმცა ტაქტიკა მალევე შეცვალეს.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობისკენ მოწოდების გავრცელება ქართული იდეის ანონიმურ ქსელში

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობისკენ მოწოდების გავრცელება ქართული იდეის ანონიმურ ქსელში

ფოტო: ISFED

მას შემდეგ, რაც ფალავანდიშვილები თბილისში, რიონის ხეობის მცველების აქციაზე მისულ აქტივისტებს ლგბტ სამკლაურის გამო დაუპირისპირდნენ და აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორისგან, მაკა სულაძისგან შენიშვნა მიიღეს, მათი რიტორიკა შეიცვალა. ახლა ქართული იდეა ხეობის მცველებს არა "ეროვნულ მოძრაობად", არამედ ჰომოფობიურად "სოდომისტების მხარდამჭერად" წარმოაჩენს და მეტიც, ფულს ხარჯავს იმაში, რომ ეს აზრი გაავრცელოს.

ანგარიშის მიხედვით, ამ დისკრედიტაციის კამპანიაში საკვანძო როლი მეუფე სპირიდონს ეკუთვნოდა. კერძოდ, სულაძესთან დაპირისპირების შემდეგ, პარტია 2 დღე დუმდა, შემდეგ კი მეუფე სპირიდონის ვიდეო გამოაქვეყნეს.

"ვიდეოში მეუფე სპირიდონი რიონის ხეობის მცველებს მონანიებისკენ მოუწოდებს, "სოდომ-გომორის ცოდვის" გამო. აღნიშნული მადისკრედიტირებელი ვიდეო გვერდმა დაასპონსორა.

7 ივნისის მდგომარეობით, მას 53 000 ნახვა და 6 ათასამდე მოწონება აქვს. გამოქვეყნებიდან სამი წუთის ინტერვალში, ვიდეო გაზიარდა სამ ანონიმურ გვერდზე. პოსტი გაზიარდა ჯგუფში "დიდ ხარ შენ უფალო" და "ქართული იდეის" ლიდერების პირად ანგარიშებზეც", — ვკითხულობთ ანგარიშში.

მეუფე სპირიდონის მიერ რიონის ხეობის მცველების მადისკრედიტირებელი, დასპონსორებული ვიდეოს გავრცელება ქართული იდეის ანონიმურ ქსელში

მეუფე სპირიდონის მიერ რიონის ხეობის მცველების მადისკრედიტირებელი, დასპონსორებული ვიდეოს გავრცელება ქართული იდეის ანონიმურ ქსელში

ფოტო: ISFED

დასპონსორებული დისკრედიტაციის კამპანია

ISFED-ის განცხადებით, გურამ ფალავანდიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება, ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკის თანახმად, რიონის ხეობის მცველების ორი მადისკრედიტირებელი პოსტის დარეკლამებაში 400-დან 500 დოლარამდე თანხა დახარჯა .

"ამ ორი რეკლამის პოტენციური მნახველი აუდიტორიის ოდენობა 2 მილიონ ფეისბუქ მომხმარებელს აჭარბებს. "ლიბერალი და ლგბტ აქტივისტების გულის მოსაგებად რიონელთა პროტესტი გაემიჯნა ჯვარს" — ვკითხულობთ გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილების მიმართვაში, რომელიც 300-399 დოლარადაა დასპონსორებული, დეკლარაციაში კი ავტორად ლევან ჩხაიძეა მითითებული", — წერია ანგარიშში.

რიონის ხეობის მცველების დისკრედიტაციის მიზნით დასპონსორებული პოსტები ფეისბუქ გვერდზე ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

რიონის ხეობის მცველების დისკრედიტაციის მიზნით დასპონსორებული პოსტები ფეისბუქ გვერდზე ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

ფოტო: ISFED

ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების სხვა დასპონსორებულ კამპანიებს შორისაა გურამ ქართველიშვილის მადისკრედიტირებელი პოსტი <100$ სარეკლამო ბიუჯეტით, ულტრაკონსერვატიული ნაციონალისტური ალტ-ინფოს მხარდამჭერი კამპანია 500-600$ ბიუჯეტით, ნინოწმინდის პანსიონისა და მეუფე სპირიდონის მხარდამჭერი კამპანიები 600$-მდე ბიუჯეტით.

ფოტო: ISFED


იმის გარდა, რაც უკვე განვიხილეთ, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ფალავანდიშვილები ხშირად ამტვრევენ ღია კარს. ხან ფილმის ჩვენებას ებრძვიან ჰომოფობიური მოტივით, ხან იმის ეშინიათ, რომ ლგბტქ ინსტალაცია "წაართმევთ ქართველობას". გვიმტკიცებენ, რომ სექსი გარყვნილებაა და სექსუალურ განათლებაზე გრაფიტებს აზიანებენ. იმუქრებიან, რომ აღკვეთენ ლგბტ პრაიდის ჩატარებას და "ქვეყანას გადაარჩენენ", თუმცა როგორც შარშან, ახლაც თბილისი პრაიდი ღირსების მარშის გამართვას მაინც აპირებს.