პოპულარული სიტკომის, Friends-ის მსახიობმა ჯეიმს მაიკლ ტაილერმა განაცხადა, რომ პროსტატის კიბოს მეოთხე სტადია აქვს.

სატელევიზიო არხ NBC-სთან ინტერვიუში 59 წლის მსახიობმა აღნიშნა, რომ სიმსივნის დიაგნოზი მას 2018 წლის სექტემბერში, გეგმიური გამოკვლევის შემდეგ დაუსვეს. მისი თქმით, პანდემიის პერიოდში გამოტოვებული გამოკვლევის შემდეგ, დაავადება პროგრესირდა, რის გამოც ფეხით ვეღარ გადაადგილდება. ტაილერი ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის.

მიუხედავად ინტერვიუში მსახიობის საუბრის პესიმისტური ხასიათისა, მან კაცებს მოუწოდა, რომ საკუთარი ჯანმრთელობის შესამოწმებლად დრო გამონახონ, რადგან შესაძლო საფრთხის აღმოჩენა დროულად შეძლონ. ინტერვიუში ტაილერმა ვერც ემოციების შეკავება შეძლო. შეკითხვაზე, თუ რას ისურვებდა, სხვაგვარად გაეკეთებინა, მსახიობმა უპასუხა:

"ჩემს შესანიშნავ ცოლს მოვუსმენდი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მაძლიერებს", — აღნიშნა მან, — "უფრო ადრე წავიდოდი [შესამოწმებლად] და და ალბათ უფრო ადრეც აღმოვაჩენდი".

ფოტო: NBC

ტაილერი Friends-ში კაფე Central Perk-ის მიმტანისა და მენეჯერის, განთერის როლს ასრულებდა და მიუხედავად იმისა, რომ ექვს მეგობარზე იშვიათად ჩანდა ეკრანზე, მაინც მაყურებლის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პერსონაჟად იქცა.

განთერის პერსონაჟი მაისის თვეში Friends-ის სპეციალურ ეპიზოდშიც გამოჩნდა და მონაწილეობა Zoom-ის საშუალებით მიიღო.

"ჩემს ცხოვრებაში ეს ძალიან დასამახსოვრებელი 10 წელი იყო, მართლა", — აღნიშნა ტაილერმა, — "უკეთეს გამოცდილებაზე ვერც კი ვიოცნებებდი. შენიშნავი ხალხი იყო, მათთან მუშაობა კი — სახალისო და ძალიან განსაკუთრებული".

ინტერვიუში ტაილერმა ასევე განაცხადა, რომ სერიალის შემოქმედებითმა გუნდმა მისი დიაგნოზის შესახებ იცოდა.