რუსთავში საკვირაო წირვის ჩასატარებლად მისულ წინამძღვარსა და მრევლს ეკლესიის კუთვნილი მცენარეები ქოთნებიანად დამწვარი დახვდა. საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური გამოცემის ცნობით, შემთხვევა 20 ივნისს მოხდა. კათოლიკე ეკლესიის მედია პორტალის ინფორმაციით, მრევლი მომხდარს ვანდალიზმს უწოდებს.

წინამძღვარი, მამა ზურაბ კაკაჩიშვილი Catholic-თან ამბობს, რომ ყვავილებიანი სამი ქოთანი ტაძრის უკანა მხარეს იყო გატანილი და ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. მისივე თქმით, მსგავსი რამ პირველად არ ხდება.

"ყვავილები სპეცილურად იყო გადატანილი ტაძრის უკანა მხარეს. ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული ქოთნებსაც და მცენარეებსაც, გადაბრუნებული იყო იქვე მდგარი სკამი, ეყარა წყლის ბოთლები. სანთლის ნამწვავები იყო ფანჯრის მინაზე მიკრობილი. პირველად არ ხდება მსგავსი რამ და ვილოცოთ იმ ადამიანებისთვის, ვინც ეს გააკეთა", — ამბობს წინამძღვარი.

მრევლი და წინამძღვარი ვერ საუბრობენ, ვის შეიძლება დაეწვა ყვავილები.

On.ge აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.