"გატეხილი გულის სინდრომის" განვითარებაში ორი მოლეკულა მონაწილეობს, რომლებიც სტრესის მაღალ დონესთან არიან დაკავშირებულნი. ეს მდგომარეობა, უმეტესად, მენოპაუზის შემდგომ პერიოდში მყოფ ქალებს ემართებათ და ისეთი მძიმე სტრესის შედეგად ვლინდება, როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა.

სინდრომი, რომელსაც ტაკოცუბოს კარდიომიოპათიასაც უწოდებენ, გულის მთავარი სატუმბი ნაწილის — პარკუჭის შესუსტებით ხასიათდება. მდგომარეობა, რომელიც, პირველად 1990 წელს, იაპონიაში აღმოაჩინეს, ერთი შეხედვით გულის შეტევას ჰგავს და შესაბამისად, ხშირად ეს ორი ერთმანეთშიც ერევათ.

მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში, ყოველწლიურად ტაკოცუბოთი 2 500 ადამიანი ავადდება. ამ სინდრომს თან ახლვას ჯანმრთელობის გართულების ისეთი რისკები, როგორებიც გულის შეტევისთვისაა დამახასიათებელი. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რატომ უვითარდებათ ადამიანებს ტაკოცუბო, მაგრამ მიიჩნევა, რომ ადრენალინის სწრაფი მატება, რომელიც უკავშირდება მძიმე სტრესს (საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ავტოკატასტროფა, მიწისძვრა და ბედნიერი მოვლენებიც კი, როგორიცაა ქორწილი), გულის კედელში მოძრაობის დაქვეითებას იწვევს, რასაც შემდეგ გულის უკმარისობა მოსდევს.

ორი მოლეკულა —მიკრორნმ-16 და მიკრორნმ-26a, რომლებიც დეპრესიასთან, შფოთვასთნა და სტრესის მომატებულ დონესთან არიან დაკავშირებულნი, აქამდე ტაკოცუბოს პაციენტების სიხლში დააფიქსირეს. საკითხის გამოსაკვლევად, მეცნიერები ამ ორ მოლეკულაზე ადამიანის გულიდან (ეს უკანასკნელი ტრანსპლანტისთვის არ გამოდგებოდა) აღებული უჯრედებისა და ვირთხის გულიდან აღებული უჯრედების გავლენას დააკვირდნენ. კვლევის მიხედვით, გულის უჯრედების ორივე წყება ამის შემდეგ ბევრად უფრო მგრძნობიარე გახდა ადრენალინის მიმართ.

კვლევის მთავარი ავტორი, ექიმი ლიამ ქოუჩი ლონდონის საიმპერატორო კოლეჯიდან ამბობს, რომ ტაკოცუბოს პაციენტებში გულის ქვედა ნაწილი წყვეტს ცემას და ზედა ნაწილი უფრო ძლიერად ცემს. "კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც მოლეკულებზე ზემოქმედება გავზარდეთ (ექსპერიმენტის ფარგლებში), ზუსტად იგივე მოხდა, რაც ტაკოცუბოს დროს ხდება ხოლმე".

მთლიანობაში, ამ აღმოჩენების მიხედვით, გრძელვადიანი სტრესი და ტაკოცუბოს საპასუხო რეაქცია მოულოდნელ შოკთანაა დაკავშირებული.

ქოუჩის თქმით, პრობლემა ისაა, რომ შეუძლებელია პაციენტებში ტაკოცუბოს დიაგნოზირება იქამდე, სანამ დაავადება განვითარდება. აქედან გამომდინარე, ასევე რთულია იმის შემოწმება, იმატებს თუ არა ორგანიზმში ამ მოლეკულების დონე ცხოვრებისეული შემთხვევების დროს.

"თუ ვიცით, რომ რომელიმე პაციენტს აქამდე უკვე ჰქონდა გატეხილი გულის სინდრომი, თეორიულად, შეგვიძლია გავზომოთ მის სისხლში აღნიშნული მოლეკულების დონე და ამის საფუძველზე ვიწინასწარმეტყველოთ, თუ რამდენად მაღალია მასში ტაკოცუბოს განმეორების შანსი. ზოგადად, ამის ალბათობა ხუთიდან ერთია", — ამბობს იგი.

საქველმოქმედო ორგანიზაცია Cardiomyopathy UK-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ჯოელ როუზის განაცხადებით, კვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის კარდიომიოპათიის ნაკლებად ცნობილ და ცუდად შესწავლილ ფორმაზე. "იგი შეიძლება დაგვეხმაროს იმის განსაზღვრაში, თუ ვინ შეიძლება იყო მეტად სენსიტიური ამ სინდრომის მიმართ და შედეგად, მოგვცეს ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი ეფექტის მართვის შესაძლებლობა", — განაცხადა მან.

ბრიტანეთის გულის ფონდის ასოცირებულმა სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა მეტინ ავკირანმა განაცხადა, რომ დამატებითი კველევების ჩატარებაა საჭირო იმის გასარკვევად, "შეიძლება თუ არა გატეხილი გულის სინდრომის თავიდან აცილება იმ წამლების გამოყენებით, რომლებიც მიკრორნმ-ს ბლოკავენ".