ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სპორტი, განათლება და კულტურა ის საკითხებია, რომელიც პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ. ასე აფასებს ის რუსთაველის თეატრის დასის რუსულ გასტროლს.

"საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შევიტანოთ პოლიტიკა, არსებობს სპორტი, განათლება, კულტურა, ეს ისეთი საკითხებია, რომელიც მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისაგან. მეტი ავტონომიურობა უნდა ჰქონდეთ აგრეთვე ხელოვანებს, რომ გადაწყვიტონ, სად და როგორ გამოავლენენ მათ ხელოვნებას. ერთი რამეც ვიცოდეთ, რომ ხელოვნება შენი სავიზიტო ბარათიც არის", — თქვა ქადაგიშვილმა.

რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში ფესტივალზე გაემგზავრება. თეატრის ხელმძღვანელმა, რობეტ სტურუამ რუსულ არხთან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მოსკოველ მაყურებელელს მათი სპექტაკლი აჩვენონ.

"ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველ მაყურებელს შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ჩემი აზრით, მსახიობებიც ცუდად არ თამაშობენ", — თქვა სტურუამ.

თეატრის ერთ-ერთი მსახიობის, ნანა ფაჩუაშვილის თქმით კი, რუს მაყურებელზე იმედს ამყარებენ, რადგან მათ "მოსმენა უყვართ".

"ახლა, როცა ასეთ რთულ პიესას ვთამაშობთ, იმედს რუს მაყურებელზე ვამყარებთ, რადგან რუს მაყურელს მოსმენა, დაფიქრება უყვარს", — თქვა მან.

როგორც რუსთაველის თეატრში On.ge-ს განუცხადეს, დასი ჩეხოვის ფესტივალზეა მიწვეული. ჩეხოვის ფესტივალის ვებგვერდზე განთავსებული განრიგის მიხედვით კი, რუსთაველის თეატრის დასი სპექტაკლებს 30 ივნისს, პირველ და 2 ივლისს გამართავს.