მსახიობის, გოგა ბარბაქაძის განცხადებით, რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა "მთელი თავისი ცხოვრება" იძახის.

"ბატონი რობიკოს სტატუსებს არ კითხულობთ რუსეთთან დაკავშირებით რეებს წერს? იმას რატომ არ აქვეყნებთ, რომ ოკუპანტია, რობიკო მაგას მთელი თავისი ცხოვრება იძახის, იმას რატომ არ აქვეყნებთ?", — აცხადებს ის.

ამასთან, ის ჟურნალისტებს უსვამს კითხვას — "ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რომ რუსეთში ჩატარდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გაემარჯვა, არ უნდა წასულიყო?"

"ხომ ითამაშეს ბიჭებმა და ვჩალიჩობდით, რომ გავსულიყავით. უბრალოდ მოხდა, რომ გავედით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე [...] და გარკვეულ უხერხულობას არ შექმნიდა საქართველოს ნაკრები რომ წასულიყო? ეს თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, თორემ ანალოგიურად მნიშვნელოვანია ზუსტად, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატი, ისე ჩეხოვის ფესტივალი", — ამბობს ბარბაქაძე.

რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში ფესტივალზე გაემგზავრება. თეატრის ხელმძღვანელმა, რობეტ სტურუამ რუსულ არხთან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მოსკოველ მაყურებელელს მათი სპექტაკლი აჩვენონ.

"ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველ მაყურებელს შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ჩემი აზრით, მსახიობებიც ცუდად არ თამაშობენ", — თქვა სტურუამ.

თეატრის ერთ-ერთი მსახიობის, ნანა ფაჩუაშვილის თქმით კი, რუს მაყურებელზე იმედს ამყარებენ, რადგან მათ "მოსმენა უყვართ".

"ახლა, როცა ასეთ რთულ პიესას ვთამაშობთ, იმედს რუს მაყურებელზე ვამყარებთ, რადგან რუს მაყურელს მოსმენა, დაფიქრება უყვარს", — თქვა მან.

როგორც რუსთაველის თეატრში On.ge-ს განუცხადეს, დასი ჩეხოვის ფესტივალზეა მიწვეული. ჩეხოვის ფესტივალის ვებგვერდზე განთავსებული განრიგის მიხედვით კი, რუსთაველის თეატრის დასი სპექტაკლებს 30 ივნისს, პირველ და 2 ივლისს გამართავს.