საქართველოს კულტურის სამინისტრომ კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხუთი კონკურსი გამოაცხადა. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პირველი კონკურსი პროფესიულ თეატრებს ეხება, რომლის საგრანტო კონკურსის ჯამური ბიუჯეტი 200 000 ლარია.

"მისი მიზანია საქართველოს პროფესიულ თეატრებში შემოქმედებითი ძიებების გააქტიურება და ამ პროექტით დაფინანსდება სადადგმო ან სხვა ხარჯი, გარდა საგასტროლო ხარჯისა. კარგი ის არის, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა პროფესიულ თეატრს საქართველოს ტერიტორიაზე, განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა", — განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეორე კონკურსია "კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში — ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით. კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 700 000 ლარს და მისი მინისტრის ინფორმაციით, მისი მიზანია:

  • რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • ქართველ ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და რეგიონებში საგასტროლო ხარჯებით უზრუნველყოფა;
  • მუსიკოს-შემსრულებელთა და შემოქმედებითი ჯგუფების/ანსამბლების მიერ რეგიონებში კლასიკური მუსიკის, ქართული ესტრადისა და ფოლკლორული კონცერტების, საიუბილეო/შემოქმედებითი საღამოების ჩატარების, სახალხო დღესასწაულებსა და საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს.

მესამე კონკურსი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ პროფესიული თეატრების ხელშეწყობას ეხება სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯებით.

წულუკიანის განცხადებით, კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 150 000 ლარს და შეადგენს და მისი მიზანია საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი 30-მდე პროფესიული თეატრის მდგრადობისა და მათში შემოქმედებითი პროცესის წახალისების უზრუნველყოფა.

მისივე თქმით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ პროფესიულ თეატრებს.

მეოთხე კონკურსის ჯამური ბიუჯეტი 200 000 ლარია და ის შეეხება "დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში — ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით". კულტურის სამინისტროს თანახმად, მისი მიზანია:

  • რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის თეატრალური ხელოვნების ხელმისაწვდომობა;
  • დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში გასტროლების ხელშეწყობა და ადგილობრივ მოსახლეობაში თეატრისადმი ინტერესის გაზრდა;
  • ქართული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და მიმდინარე თეატრალური პროცესის გააქტიურება.

მეხუთე კონკურსის ჯამური ბიუჯეტი 90 000 ლარი გახლავთ და ის ეხება ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობას რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან.

"მისი მიზანია რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და კულტურის სფეროში თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის უზრუნველყოფა; ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან, პერფორმანსების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების, გამოფენების, შეხვედრების, ვორქშოპების, ლექცია-სემინარებისა და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარების გზით; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერა", — აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 21 ივნისიდან 2021 წლის 30 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭედის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2021 წლის 10 ივლისისა.

საკონკურსო პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://cutt.ly/1n0DPst