კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანს რუსთაველის ეროვნული თეატრის რუსეთში წასვლას არ აფასებს. წულუკიანი ამბობს, რომ სამინისტროში ცენზურა არ არსებობს და ყველა თეატრი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავისუფლად წყვეტს, რომელ ქვეყანაში გამართულ ფესტივალზე წავიდეს.

ამ საკითხზე საუბრისას მინისტრმა ჟურნალისტებს კრიტიკაც გაახსენა იმაზე, რომ თეატრების საქმიანობაში ჩარევას გეგმავდა და თქვა, რომ " ე მანდ" აღარ ერევა.

"იყვნენ ტელევიზიები ფლაგმანები, როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, ხელს მიქნევდნენ, ე მანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო, გეტყვით, რომ ე მანდ არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს, ამას ქვია შემოქმედებითი თავისუფლება, რომელ საერთაშორისო ფესტივალში წავიდეს გასტროლით", — განაცახადა მან.

ამის შემდეგ ჟურნალისტებმა არაერთი კითხვა დაუსვეს მინისტრს ამ საკითხზე, თუმცა არ უპასუხა და განაცხადა: "არ გაქვთ კითხვები, ესე იგი კარგად ვმუშაობთ. წულუკიანმა ბრიფინგების ოთახი ისე დატოვა, რომ სხვა კითხვებზე არ უპასუხია.

რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში ფესტივალზე გაემგზავრება. თეატრის ხელმძღვანელმა, რობეტ სტურუამ რუსულ არხთან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მოსკოველ მაყურებელელს მათი სპექტაკლი აჩვენონ.

"ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველ მაყურებელს შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ჩემი აზრით, მსახიობებიც ცუდად არ თამაშობენ", — თქვა სტურუამ.

თეატრის ერთ-ერთი მსახიობის, ნანა ფაჩუაშვილის თქმით კი, რუს მაყურებელზე იმედს ამყარებენ, რადგან მათ "მოსმენა უყვართ".

"ახლა, როცა ასეთ რთულ პიესას ვთამაშობთ, იმედს რუს მაყურებელზე ვამყარებთ, რადგან რუს მაყურელს მოსმენა, დაფიქრება უყვარს", — თქვა მან.

როგორც რუსთაველის თეატრში On.ge-ს განუცხადეს, დასი ჩეხოვის ფესტივალზეა მიწვეული. იქ გვითხრეს, რომ დამატებით კომენტარს ხვალ, 21 ივნისს გააკეთებენ. ჩეხოვის ფესტივალის ვებგვერდზე განთავსებული განრიგის მიხედვით კი, რუსთაველის თეატრის დასი სპექტაკლებს 30 ივნისს, პირველ და 2 ივლისს გამართავს.