წლევანდელ ოლიმპიადაზე ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდებით. ლორელ ჰაბარდი პირველი ტრანსგენდერი სპორტსმენია, ვინც ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.

ლორელი ძალოსნობაში ახალი ზელანდიის სახელით იასპარეზებს. ოლიმპიადაზე მისი დებიუტი 2 აგვისტოს შედგება. თუმცა საზოგადოების ნაწილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ისინი თვლიან, რომ სხვა ქალებთან შედარებით მას უპირატესობა აქვს, რადგან სქესი ზრდასრულობის ასაკში შეიცვალა 2012 წელს.

ჰაბარდს უკვე აქვს მოგებული რამდენიმე ჩემპიონატი და ძალიან გახარებულია, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს. 2018 წელს მან მხარი დაიზიანა და შესაბამისად 2019 წელი არც ისე წარმატებული ჰქონდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემარჩიეს და მონაწილეობას ვიღებ ოლიმპიადაში. ახალი ზელანდიელებისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ. როდესაც მხარი დავიზიანე, მითხრეს, რომ ჩემი სპორტული კარიერა დასრულებული იყო, მაგრამ სწორედ გულშემატკივრების მხარდაჭერამ და სიყვარულმა გამომიყვანა იმ სიბნელიდან, რასაც განვიცდიდი", — თქვა ინტერვიუში ძალოსანმა.

ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცემული წესდების თანახმად, იმ სპორტსმენებს, რომლებმაც სქესი შეიცვალეს მამრობითიდან მდედრობითზე, აქვთ უფლება ქალების კატეგორიაში მიიღონ მონაწილეობა, სათესლე ჯირკვლების ამოღების გარეშე. თუმცა მინიმუმ 12 თვის განმავლობაში, მათი ტესტოსტერონის დონე შრატში, ლიტრში 10 ნანომილზე ქვემოთ უნდა იყოს.

მიუხედავად ამისა, სტატისტიკის მიხედვით ტრანსგენდერი სპორტსმენები, რომლებმაც ზრდასრულობის ასაკში შეიცვალეს სქესი, უფრო ძლიერები არიან ვიდრე სხვა ქალი სპორტსმენები. ლორელმა სქესი 35 წლის ასაკში შეიცვალა. ტრანსფორმაციამდე ის არ იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირებზე, შემდეგ კი რამდენიმე პრესტიჟული ჩემპიონატი მოიგო.

ახალი ზელანდიის ოლიმპიური კომიტეტის უფროსი, კერენ სმიტი აცხადებს, რომ ლორელს დიდი სიამოვნებით მიიღებენ გუნდში.

"ლორელი საუკეთესო სპორტსმენია და იგი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ დადგენილ ყველა წესდებას აკმაყოფილებს. ვაღიარებთ, რომ გენდერული იდენტობა სპორტში ძალიან მგრძნობიარე და რთული საკითხია, რომელიც მოითხოვს ბალანსის დაცვას ადამიანის უფლებასა და სამართლიანობას შორის", — განაცხადა სმიტმა.

თუმცა ზოგიერთი სპორტსმენი ლორელ ჰაბარდის ოლიმპიადაში მონაწილეობის მაინც ეწინააღმდეგება. ბელგიელი ძალოსანი ანა ვანბელინგენი თვლის, რომ ლორელს უპირატესობა ექნება და მისი მონაწილეობა ამ კატეგორიაში არ არის სამართლიანი.

ფოტოზე: ბელგიელი ძალოსანი ანა ვანბელინგენი

ფოტო: Getty Images

"მე მხარს ვუჭერ ტრანსგენდერი სპორტსმენების უფლებებს, მაგრამ ვისაც კი ძალოსანი აღუზრდია, გულის სიღრმეში ყველამ იცის, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ძალიან არასამართლიანია", — თქვა ანამ.

მიუხედავად ამ შეხედულებისა, ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება საბოლოოა. ტოკიოს ჩემპიონატის მაყურებელი კი მალე შეძლებს საყვარელი სპორტსმენების მხარდაჭერას. ოლიმპიადა 23 ივლისს იწყება და 8 აგვისტომდე გაგრძელდება.