თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცახდებით, კომენდანტის საათი, სავარაუდოდ მიმდინარე თვეში მოიხსნება. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"ერთადერთი შეზღუდვა ახლა კომენდანტის საათია და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. მე იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის კომენდანტის საათი, მოიხსნება", — თქვა ცერცვაძემ.

მისი თქმით, განიხილება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნის საკითხიც.

"მე არ ვიქნებოდი მომხრე, რომ ვიჩქაროთ პირბადის გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან ეს არის ერთადერთი რეგულაცია, რომელიც გვიცავს ინფიცირებისგან და ძალიან ძლიერად იცავს. გასულმა თვემ გვიჩვენა, რომ ვინც პირბადეს ატარებდა, მათი ინფიცირება პრაქტიკულად არ ხდებოდა. განიხილება პირბადის მოხსნაც, მაგრამ ღია სივრცეში. მე პირადად მხარს დავუჭერდი ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ არამც და არამც დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ჩვენთან პირბადის ხმარება ჯერჯერობით საჭიროა", — აღნიშნა მან.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: