სომხეთის პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულების, ნიკოლ ფაშინიანის პარტიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, მისი პარტია არჩვენებში 50,2%-ით ლიდერობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია civic.am წერს.

მედიის ცნობით, ამ ეგზიტპოლის მიხედვით, 15,7%-ით რობერტ კოჩარიანი მეორე ადგილზეა, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილებს ბლოკი მე მაქვს პატივი (8,4%) და პარტია აყვავებული სომხეთი ინაწილებენ (6,4%).

დღეს, 20 ივნისს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით, დილის რვა საათზე დაიწყო 2 000-მდე საარჩევნო პუნქტში და საღამოს 8 საათამდე გრძელდებოდა.

არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობდა. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, ბლოკებმა კი 7%-იანი.

პრემიერმინისტრობის კანდიდატებს შორისაა ამჟამად მოვალეობის შემსრულებელი, ყოფილი პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა ბლოკი, რომელის ლიდერია სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი.


რამდენიმეთვიანი პროტესტისა და სამხედროების მოთხოვნის შემდეგ, სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 25 აპრილს გადადგა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგებოდა და ვადამდელ არჩევნებს დათანხმდებოდა, თუ არ წარადგენდნენ პრემიერმინისტრობის სხვა კანდიდატებს, რაც პარლამენტის დაშლას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას გამოიწვევდა. შეთანხმების მიხედვით, სომხეთის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები 20 ივნისს ჩაინიშნა.

ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო ტალღა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ყარაბაღის ომი საერთო შეთანხმებით დასრულდა და რეგიონზე კონტროლი აზერბაიჯანს გადაეცა. ომის შედეგს სომხური მხარე დამარცხებად აღიქვამდა.