ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი, რომელმაც გადადგომის შემდეგ გახარიას "ღირსეული პრემიერი" უწოდა, ახლა ამბობს, რომ მისი პრემიერმინისტრად დანიშვნა შეცდომა იყო. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა და ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას — ფიქრობთ, რომ შეცდომა იყო გიორგი გახარიას პრემიერმინისტრად დანიშვნა?

"კი, ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო", — ამბობს ვოლსკი.

მისივე თქმით, აქვს საფუძველი იფიქროს, რომ გახარია გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში იყო ჩართული.

"დღემდე, ამ წუთამდე, საქართველოს შიდა გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს, არის აქტუალური და ამ დესტაბილიზაციას, ამ შესაძლო განვითარებას პირადაპირ ხელი შეუწყო იმ ნაბიჯმა, რაც გადადგა საქართველოს პრემიერმინისტრმა. იქნებოდა ეს გახარია, შექმნიდა პოლიტიკურ პარტიას, არ შექმნიდა, ეს იყო საფრთხის შემცველი, დამთავრდა [...] მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ იგი იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში, იმიტომ, რომ ვითარება, რაც ჩვენს თვალწინ განვითარდა, აბსოლუტურად, ყველა ნიშნით იყო შესაბამისი იმის, რასაც ვლაპარაკობთ", — აცხადებს ის.

გახარიას გადადგომის შემდეგ, 18 თებერვალს ვოლსკიმ განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან გადადგომა მოულოდნელი იყო და გული წყდება. ვოლკსი ამბობდა, რომ გახარია პირველი ნომერი და ღირსეული პრემიერი იყო.