ბათუმში ძმები წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის მხარდასაჭერად აქცია იმართება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ ჯერ მანქანებით მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები კარვების გაშლას ცდილობდნენ, რამაც პოლიციასთან დაპირისპირება გამოიწვია. რამდენიმე მათგანი დააკავეს.

შეკრებილები დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, პროკურატურა იმის ნავლად რომ საქმეს იძიებდეს, თავად "ქმნის".

აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულები რიჟვაძის პირადი პატიმრები არიან და ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, რადგან ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან. ისინი მოითხოვენ, რომ ენმ-ს ლიდერებმა ამ საკითხზე პოზიცია მკაფიოდ გამოხატონ.

ჭელიძეები, წულუკიძეები და ანთაძე გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესისი მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე, ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულებმა 12 აპრილს გუმათჰესის დასახლებაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.