ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ "დღემდე არ აქვს პასუხი", რატომ არ გამოიყენეს 20 ივნისის აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი. მისი თქმით, ასე მოქალაქეების უფრო ნაკლები ზიანი მიადგებოდათ. აღსანიშნია, რომ გვიან ღამით სპეცრაზმმა წყლის ჭავლიც გამოიყენა.

"რაც შეეხება სწორად იყო თუ არა დაგეგმილი – მე დღემდე არ მაქვს პასუხი და არც საზოგადოებას არ აქვს პასუხი, მაგალითად, რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანები, რომელსაც შეიძლებოდა, ნაკლები ზიანი მიეყენებინა. მაგრამ ეს უფრო სპეციალისტების შეფასებად დავტოვოთ.

მე პირადად, მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ყოფილიყო გამოყენებული გაზთან ერთად წყლის ჭავლის მანქანები, შეიძლებოდა, თავიდან აგვეცილებინა ის ძალიან მძიმე დაზიანებები, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს", — განუცხადა მან ჟურნალსიტებს.

20 ივნისის აქცია

2019 წლის 20 ივნისს საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საღამოს პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყო On.ge-ს სამი თანამშრომელი.