შურისმაძიებლებისგან გაქცევის შემდეგ ლოკიმ ახალი თავშესაქცევი იპოვა.

CBeebies ბიბისის საბავშვო არხია, სადაც გადის გადაცემა Bedtime Story. შოუში სხვადასხვა ცნობილი მსახიობი ბავშვებს ძილის წინ ზღაპრებს უკითხავს. ამჯერად, ეს საპატიო როლი ტომ ჰიდლსტონს ერგო.

გასაკვირი არ არის, რომ ყველასთვის საყვარელი სუპერ ბოროტმოქმედი ზღაპარს სწორედ სუპერგმირებზე წაიკითხავს. როგორც BBC იუწყება, ჰიდლსტონი ბავშვებს მოუყვება ზღაპარს Supertato, რომელიც მოგვითხრობს სუპერგმირი კარტოფილის და მისი მოწინააღმდეგე ბოროტი ბარდას შესახებ.

ფოტო: Getty Images

"ამ საღამოს, ძილის წინ ზღაპარი საინტერესო ბოროტმოქმედზე გვიყვება, ის ძალიან ცუდი, ძალიან თავხედი და .... ძალიან მწვანეა. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, იქ სადაც პრობლემა ჩნდება, აუცილებლად მოდიან სუპერგმირები მათ გადასაჭრელად", — ამ სიტყვებით იწყებს მსახიობი თავის ზღაპარს.

ფოტო: Marvel

გადაცემა ეთერში 25 ივნისს გავა. ჰიდლსტონი არ არის პირველი ბრიტანელი მსახიობი, რომელიც ბავშვებს ტკბილად დაძინებაში ეხმარება. გადაცემაში სტუმრად იყვნენ ფელისიტი ჯონსი, ტომ ელესი, ტომ ჰარდი და სხვა.