ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ამავე პარტიის დამფუძნებელი და ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, თუ არა მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სააკაშვილის არშესრულებულ დაპირებებს ჩამოსვლის შესახებ, მელიას შეფასებით, ეს ამომრჩეველზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს, ზოგი იმედგაცრუებულია, ზოგი არა და ის სხვისი სახელით ვერ ისაუბრებს.

ამავდროულად, მელია ამბობს, რომ თუ სააკაშვილი იტყვის, რომ ჩამოვა, უნდა ჩამოვიდეს.

"მე არა მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ამიერიდან იტყვის ჩამოვალო და არ ჩამოვა. თუ იტყვის, რა თქმა უნდა, უნდა ჩამოვიდეს. თუ იტყვის, რომ არ ჩამოვდივარ ამჯერად, გითხარით რა პრობლემებს ვხედავ. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას დააპირებს, ძალიან საფრთხილო საკითხია, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგოს ბიძინა ივანიშვილმა", — განაცხადა მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

მელია ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოში მას შემდეგ უნდა დაბრუნდეს, როცა ქართული ოცნების ხელისუფლება დასრულდება. თუმცა ბოლოს სააკაშვილმა ჩამოსვლა თვითმართველობის არჩევნებისას დააანონსა.

"ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, მანამ სანამ ბიძინა ივანიშვილია მართვის სადავეებთან, პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა მას არ უნდა მიეცეს არცერთ შეთხვევაში. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას, მე ვხედავ მას შემდეგ, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდება", — განაცხადა მან.

20 აპრილს ექსპრეზიდენტმა ისევ ჩამოსვლა დაანონსა. ამჯერად ის სავარაუდო თარიღსაც ამბობს და ამტკიცებს, რომ თვითმართველობის არჩევნების წინ ჩამოვა. მორიგ ვიდეომიმართვაში ის ისევ ჰპირდება ამომრჩეველს, რომ მათ გვერდით იბრძოლებს.

ექსპრეზიდენტმა ენმ-ს წევრებს მოუწოდა, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის შეთახნმებას, ოღონდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია უპირობოდ გათავისუფლდება. მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემთ, რომ მოემზადონ თვითმართველობის არჩევნებისთვის, რაც "რეფერენდუმია ივანიშვილის მმართველობის დასასრულებლად". სწორედ ამ დროს ჩამოსვლის ჰპირდება ის მხარდამჭერებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და არამხოლოდ მაშინ, თუმცა ამ დრომდე არ ჩამოსულა.