პოლიტიკური მოძრაობა დროა ხელისუფლებისგან მოითხოვს, შეასრულოს საკუთარი მოვალეობა და უზრუნველყოს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ივლისში დაგეგმილი ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება წლებია, მიზანმიმართულად უშლის ხელს ლგბტქი ადამიანებს მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობაში. ამ პოლიტიკის გაგრძელებად მიაჩნიათ პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მიერ 17 ივნისს ტვ პირველის ეთერში გაკეთებული განცხადება, რომ "პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებს უარი უნდა ეთქვათ ღირსების მარშის ჩატარებაზე, რადგან კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება".

"კობახიძის ეს განცხადება საშიშ გზავნილებს შეიცავს საზოგადოების არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის, არამედ ყველასთვის. ეს არის ღია განაცხადი, რომ ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების გარანტირებულ უფლებებს შერჩევითად, პოლიტიკური ინტერესების მიხედვით იცავს... ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, მმართველი ძალა ცდილობს, დანერგოს შიში და დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიანად ჩატარების პასუხისმგებლობა გადაიტანოს ლგბტქი ადამიანებსა და მათი უფლებების დამცველ ორგანიზაციებზე", — ნათქვამია განცხადებაში.

დროა ხელისულებას შეახსენებს, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციის მიხედვით მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებაა, ხოლო მისი დაცვა კი სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობა და ხელისუფლებისგან ამ მოვალეობის შესრულებას მოითხოვენ.

Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, ლევან ვასაძე ღირსების მარშის გაუქმებას მოითხოვს და ხელისუფლებას ამისთვის 10-დღიან ვადას აძლევს. ვასაძის ულტიმატუმს მმართველი პარტიიდან თავდაპირველად გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია. შემდეგ უკვე კობახიძის ნათქვამი მმართველის გუნდის წარმომადგენლებმა, ფაქტობრივად, უცვლელად გაიმეორეს. ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ კი ჰომოფობიურ განცხადება გააკეთა. ამასთან, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მან "ზომიერებისა" და "ნაკლები ენთუზიაზმისკენ" მოუწოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ უწყება ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა კანონის ფარგლებში, თუკი ის კანონით დადგენილ ნორმებს არ გასცდება. დარახველიძის თქმით, "ამ შემთხვევაში, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს".