კახეთში ფერმერები სხვადასხვა ქვეყნიდან ხილის იმპორტის შეჩერებას მოითხოვენ. მათ დღეს საზამთროს და ნესვით დატვირთული მანქანებით ლაგოდეხი-გურჯაანის და ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელ გზები გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ხილის საბითუმო ფასი 30-50 თეთრია, მაგრამ გაყიდვას მაინც ვერ ახერხებენ. მათივე თქმით, მოსავლის რეალიზების პრობლემა სხვა ქვეყნიდან დიდი რაოდენობით საზამთროს და ნესვის შემოტანამ გამოიწვია, რადგან შემოტანილი ხილი შედარებით დაბალ ფასში იყიდება.

მოვაჭრეების განმარტებით, ტონობით საზამთრო საბანკო ვალდებულებით მოიყვანეს, თუმცა, პროდუქციას აღარავინ ყიდულობს და ლპება. ისინი ხელისუფლებისგან საზამთროს და ნესვის შემოტანის შეჩერებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.