ვატიკანში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრისას ხაზი გაესვა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

"საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვატიკანთან ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ურთიერთობები გაღრმავდეს და განმტკიცდეს", — აღნიშნულია განცხადებაში.

ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრისას რეგიონში შექმნილი ვითარება და რეგიონულ ჭრილში საქართველოს როლი განიხილა. ასევე, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და ადამიანთა გატაცებების შესახებ, რომელზეც მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საუბარი შეეხო ბავშთა ონკოლოგიის საკითხებს, რომელიც საქართველოსათვის ერთ-ერთი სერიოზული საკითხია და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფომ მზაობა გამოხატა.

პრეზიდენტმა პაპს საჩუქრად გადასცა მეფე დემეტრე I-ის ავტორობით შექმნილი საგალობლის "შენ ხარ ვენახი" ხელნაწერი ნოტები, რომელიც სპეციალურად რომის პაპისათვის გადაიწერა.

ასევე, წიგნები ქართული კულტურისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების შესახებ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეების საუკეთესო ღვინოების ნაკრები და პატრიარქის საჩუქარი.

სალომე ზურაბიშილი ვატიკანში 16 ივნისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიაში პირველად ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს.

გარდა ამისა, ქართული კულტურისა და მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით ვატიკანში, პრეზიდენტის სახელით, მიღება გაიმართა.

მიღება რომში, კანცელარიის სასახლეში ანსამბლ ბასიანის მონაწილეობით ჩატარდა.