ზაფხულის დადგომასთან ერთად ნელ-ნელა ოფისებსაც ვუბრუნდებით. ძალიან მალე ადამიანები აღიდგენენ ფანჯრიდან ნაღვლიანად ცქერის ჩვევას იმის იმედით, რომ შაბათ-კვირასაც მზიანი ამინდი იქნება. რაც უფრო მეტი დასაქმებული ეჩვევა ჰიბრიდულ გრაფიკს, რომელიც კვირაში 2-3 დღის ოფისში გატარებას მოიაზრებს, მით უფრო უახლოვდება დასასრულს სრულ განაკვეთზე სახლიდან მუშაობის პერიოდი. ამავდროულად, ასეთი გრაფიკის ეფექტიანობის დამამტკიცებელი არგუმენტების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

დასაქმებულთა და დამსაქმებელთა პირვანდელმა გამოკითხვებმა გამოავლინა, რომ დისტანციურ მუშაობას პროდუქტიულობა არ შეუმცირებია. თუმცა, ახალი კვლევა, რომლის ფარგლებშიც 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის აგვისტომდე აზიური ტექნოლოგიური კომპანიის 10 ათასი დასაქმებული გამოიკითხა, სულ სხვა სურათს ხატავს. კომპანია დასაქმებულთა კომპიუტერებში ჩაშენებულ პროგრამას იყენებს, რომელიც აღრიცხავს აქტიურ აპლიკაციებსა თუ ვებსაიტებს და ადგენს, დასაქმებული კლავიატურას იყენებდა თუ მაუსს.

კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებულები ნამდვილად ბევრს მუშაობდნენ. ჯამში, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ნამუშევარი საათები 30%-ით გაიზარდა, რაც დაწესებული სამუშაო საათების მიღმა მუშაობის 18%-იან ზრდასაც ითვალისწინებს. თუმცა, ამ ზედმეტ ძალისხმევას წარმოების ზრდა არ გამოუწვევია. ამით შეიძლება წინა გამოკითხვის შედეგის ახსნაც, როცა დასაქმებულები და დამსაქმებლები თვლიდნენ, რომ იმდენივეს მუშაობდნენ, რამდენსაც უწინ. თუმცა პროდუქტიულობის გაზომვის სწორი გზა სამუშაო საათში შესრულებული სამუშაოს დაანგარიშებაა. მთელი ამ დამატებითი დროის გათვალისწინებით კი, ეს მაჩვენებელი 20%-ით დაეცა.

ფოტო: Paul Blow

საინტერესო ისაა, თუ რატომ განვითარდა მოვლენები ასე. მკვლევრებმა გააანალიზეს ის, თუ რა დროს ხარჯავდნენ დასაქმებულები "თანამშრომლობის საათებში", რაშიც მოიაზრება სხვადასხვა სახის შეხვედრები; და რა დრო ჰქონდათ მათ გათვალისწინებული "ფოკუსირების საათებისთვის" — იმ დროისთვის, როცა თანამშრომლები ზარებს თუ მეილებს არ იღებდნენ და შეეძლოთ, სრულად კონცენტრირებულიყვნენ საკუთარ დავალებებზე. გრძელი სამუშაო საათების მიუხედავად, დასაქმებულებს, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ფოკუსირებისთვის ნაკლები დრო ჰქონდათ. ამის ნაცვლად, მთელი დამატებითი დრო შეხვედრებს ეთმობოდა. აქ შეიძლება ბართლბის წესი გაგვახსენდეს: შეხვედრებზე ადამიანთა 80%-ის დროის 80% უაზროდ იფლანგება. ეს კვლევა კი ნამდვილად ადასტურებს ამ თეორემის სისწორეს.

ამ სიტუაციის ამხსნელი ერთი ვერსიის მიხედვით, მენეჯერები საკუთარი გუნდის საქმისადმი პასუხისმგებლურ დამოკიდებულებაში დარწმუნებულნი არ არიან, ამიტომაც კიდევ უფრო მეტ შეხვედრას ატარებენ მათ შესამოწმებლად. მეორე ახსნა ისაა, რომ მენეჯერები ამდენ შეხვედრას ოფის მიღმა არსებულ სამუშაო გარემოში თავიანთი არსებობის საჭიროების დასამტკიცებლად მართავენ. თუმცა მკვლევრები იმასაც ამბობენ, რომ მეტი შეხვედრის საჭიროება დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების კოორდინირების სირთულის შედეგი შეიძლება იყოს. ამასთან, ოფისის გარეთ მუშაობისას თანამშრომლები ნაკლებად იღებენ შეფასებებს, შენიშვნებსა თუ რჩევებს.

დასაქმებულთადმი ეს უსამართლო მოპყრობაა, რადგან მათ ზედმეტად ნამუშევარი საათებისთვის დამატებითი ანაზღაურება არ მიუღიათ. დაზოგილი დრო, რომელსაც ისინი მგზავრობაში ხარჯავდნენ, ვერ ანაზღაურებს შეხვედრებში გატარებულ დამატებით საათებს. თუმცა, ყველა დასაქმებული ერთნაირად არ იქცეოდა. ისინი, ვინც კომპანიაში ყველაზე დიდი ხანია, მუშაობენ, სხვებზე მეტი პროდუქტიულობით გამოირჩეოდნენ და მათთვის უფრო მარტივი აღმოჩნდა სახლიდან მუშაობის სირთულეების დაძლევა. შვილებიანი დასაქმებულები კი უშვილოებთან შედარებით 20 წუთით მეტხანს მუშაობდნენ და უფრო ნაკლები პროდუქტიულობით გამოირჩეოდნენ, რაც, სავარაუდოდ, ბავშვებზე ზრუნვის აუცილებლობამ გამოიწვია.

ფოტო: Margarida Mouta / Doist / Dribbble.com

ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ კომპანიები სრულად შეცვლიან დისტანციურად მუშაობის თუნდაც ჰიბრიდულ მოდელს? მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნულ კვლევაში მონაწილე კომპანიის თითქმის ყველა თანამშრომელი უმაღლესი განათლების მქონეა და მათი პოზიციები "ითვალისწინებს მნიშვნელოვან შემეცნებით სამუშაოს, ახალი პროგრამული სისტემების შექმნასა ან ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრას, ინოვაციურ და მუდმივ განვითარებაში ჩართვასა და მონაწილეობას". მსგავს სამუშაოს, შესაძლოა, მეტი სირთულეები გამოეწვია დისტანციურ პირობებში, ვიდრე სხვა საქმიანობებს — მაგალითად, კლიენტთა მომსახურებას, სადაც დასაქმებულები ზარებს უკვე გაწერილი ტექსტების მიხედვით სცემენ პასუხს.

გასაკვირი არაა, რომ დისტანციური მუშაობის საწყის ეტაპზე თავს იჩენდა კოორდინირებასთან დაკავშირებული პრობლემები. სხვა თუ არაფერი, ეს ხომ იძულებითი ცვლილება იყო. კვლევა გასულ აგვისტოს შეჩერდა და ალბათ დაინტერესდებით, დასაქმებულებმა შეძლეს თუ არა საკუთარი დროის სწორად განაწილების სწავლა. მართლაც, კვლევა აჩვენებს, რომ დასაქმებულებმა იმაზე ოდნავ ნაკლები "ფოკუსირების დროით" შეძლეს ძველებური შედეგების მიღება, რამდენიც ოფისში ჰქონდათ. არაპროდუქტიულობის რეალური წყარო, გაგიკვირდებათ და, შეხვედრებზე გატარებული დრო იყო. გამოსავალი მარტივია — ნუ განახორციელებთ ბევრსა და გრძელ ზარებს!