ქვეყნად საფიქრალს რა დალევს, თუმცა, საქართველოში რომ საზრუნავი იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნებისმიერ წერტილში მყოფ ადამიანს, ამაზე, მგონი, ყველანი ვთანხმდებით. დრამის გარეშე დღე არ გავა, ჰოდა, ჩვენც მეტი რა დაგვრჩენია, შერლოკის ქუდს ვირგებთ, ხელში ლუპას ვიღებთ და ისეთ გამოძიებას ვიწყებთ, FBI-ის რომ შეშურდება.

სწორედ ასე მოგვიწია სულ ახლახან, როცა პროკურატურამ განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ გახმაურებულ აუდიოჩანაწერებში ბერა ივანიშვილი არა "მინისტრებს", არამედ "მილი სტებს" ამბობს. სხვათა შორის, ამ ამბავს მოყოლებულ ინტერვიუში მას არ უთქვამს, რომ ჩანაწერები ნამდვილი არაა.

მეტი რა დაგვრჩენოდა, ხელები დავიკაპიწეთ, გონება დავძაბეთ და ყველა შესაძლო ვერსია ჩამოვწერეთ, რა შეიძლება მილი სტი იყოს — დაწყებული სტილისტით, სახელად მილა, დამთავრებული ინდონეზიის რიგითი მოქალაქით.

1. მილიარდერის შვილი

ფოტო: Tenor

ადგილობრივი ჟარგონის გავლენით, ამ სახელზე თავიდან, სავარაუდოდ, "მილიჩი" ან "მილოვნა" განიხილებოდა, თუმცა, ბოლოს გენდერულად ნეიტრალური და ცოტა უფრო ევროპული ჟღერადობის სიტყვა აირჩა.

2. მილების შემკეთებელი

ფოტო: Tenor

სანტექნიკოსობა სულაც არაა ადვილი საქმე. ფაქტობრივად, მთელ კარიერას მილებში ატარებ. დედუქციური მეთოდით თუ მივუდგებით, "დაურეკავენ მილი სტები" ნიშნავს, რომ ახლობელს ახლობლისთვის სანტექნიკის შეკეთება სურს და დახმარება ნაცნობ სანტექნიკოსებს სთხოვა.

3. მილიტარისტის მოფერებითი ფორმა

ფოტო: Giphy

არასდროს იცი, ვინ, როდის და რატომ დაგესხმება თავს, ასე რომ, დრო ცოტაა, საქმე კი — ბევრი. თანაც, მილიტარისტი ცოტა ბრუტალურად ჟღერს, ამიტომ მისთვის "მილისტის" წოდებით დროც იზოგება და განწყობაც.

4. "მილიონ ალიხ როზის" ფანი

ფოტო: Pinterest

იცოდით, რომ ეს სიმღერა პირველად ლატვიელმა მომღერალმა, აია კუკულემ შეასრულა? ჰო, არც ჩვენ, ახლახან გავიგეთ, თუმცა, ალა პუგაჩოვას ქავერი მაინც იმდენად პოპულარულია, რომ საკუთარი ფანდომიც ჰყავს. ფანდომის წევრებს კი შემოკლებით თურმე მილისტებს უწოდებენ.

5. სუფრაზე მილილიტრის არდამლევი

ფოტო: Tenor

"დალიე, კაცი არა ხარ?" — ამ შეკითხვას, როგორც წესი, "კაცური" რეპუტაციის გაფუჭება და მეტსახელების მიწებება მოსდევს ხოლმე, ამიტომ, უარსო დავისგან და ბულინგისგან რომ თავი შევიკავოთ, არამსმელ ადამიანს, შეგვიძლია, მილისტი ვუწოდოთ.

6. მილა იოვოვიჩზე უიმედოდ დაქრაშული ადამიანი

ფოტო: Giphy

ჩვენ ყველანი მილისტები ვართ.

7. ის, ვინც სიმაღლეში ყოველწუთიერად მილიმეტრით იზრდება

ფოტო: Giphy

თქვენი არ ვიცი, თუმცა, გარდატეხის ასაკში მყოფს ახლობლები რომ მხვდებოდნენ, მეკითხებოდნენ, "რითი გაგწელესო". ამ უკბილო ხუმრობას, გულწრფელად მერჩივნა, უბრალოდ, მილისტი დაეძახათ.

8. ის, ვინც კილომეტრის გამოყენებას არ კადრულობს

ფოტო: Giphy

ამ შემთხვევაშიც მილისტი ვარ, მგონი. ოღონდ, არაფერს ვუკადრისობ, უბრალოდ, ძალიან მეზარება გუგლში შესვლა და მილის კილომეტრში დაკონვერტირება.

9. მილიგრამებიანი სასწორის მქონე მაღაზიის გამყიდველი

ფოტო: Giphy

შორეულ და ბნელ წარსულში, როცა მაღაზიაში სასურველ პროდუქტს გირებით გვიწონიდნენ, ხან სასწორი ტყუოდა, ხანაც — გამყიდველი. ეს პრობლემა ელექტრონულმა სასწორებმა უკვე მოაგვარეს, ამიტომ, მილისტს, ამ შემთხვევაში, პოზიტიური მნიშვნელობა აქვს.

10. მასონთა ისტორიული ლოჟის წევრი

ფოტო: Giphy

დაბოლოს — რასაკვირველია, ჩვენმა კვლევამ კვლავაც საიდუმლო შიფრებამდე მიგვიყვანა. მილი სტი ყველაზე მეტად, სავარაუდოდ, სწორედ ასონთა სტორიულ ოჟაში გაწევრებულ ადამიანს ნიშნავს, ამის დასაფარავად კი სატელეფონო საუბრებში აბრევიატურის გამოყენება მისწრებაა. თუმცა, "არ არს დაფარული, რომე არა გაცხადდეს".