საქსტატმა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იანვარ-მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა 4,5%-იყო.

ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკის სექტორებს შორის, 2021 წლის პირველ კვარტალში, ყველაზე მეტად შემცირდა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-54%), მშენებლობა (-19,4%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-25,4%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6,4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (-9%), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-34%).

ამავე პერიოდში, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (24%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (50,3%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13,3%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3,9%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (16,8%).

პირველ კვარტალში, საქართველოს ეკონომიკაში, ყველაზე დიდი წვლილი ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებმა შეიტანეს.

ფოტო: საქსტატი

საქსტატი ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას ყოველთვიურად აქვეყნებს. უწყების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, აპრილში ეკონომიკის წლიური ზრდა 44,8% იყო. ამგვარი ზრდის დაფიქსირების მიზეზების ახსნისას ეკონომიკის გამოცოცხლებასთან ერთად ე.წ საბაზო ეფექტიც დასახელდა — ეს ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე წლის აპრილის მაჩვენებელი 2020 წლის ყველაზე მძიმე ლოქდაუნის პერიოდს შედარდა, როდესაც საქართველოს ეკონომიკა რეკორდულად, 16,6%-ით შემცირდა.

რაც შეეხება პროგნოზებს, საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს ეკონომიკის 6,5%-იან ზრდას პროგნოზირებს. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, თუ ქვეყანაში ოპტიმისტური სცენარი განვითარდება, შესაძლებელია, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 10,2%-იანიც იყოს. მსოფლიო ბანკი კი, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-ით გაზრდას ელოდება. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნულია, რომ როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც ეკონომიკის ზრდა, უმთავრესად, პანდემიასთან დაკავშირებული შოკების აღმოფხვრაზე იქნება დამოკიდებული.