1642 წელი იყო, როცა აბელ ტასმანი მნიშვნელოვან მისიაზე გაემგზავრა. ეს გამოცდილი ნიდერლანდელი მეზღვაური გადაპრეხილი ულვაშებით, ნიკაპზე მოშვებული წვერით და სამართლისადმი ავტორიტარული მიდგომით გამოირჩეოდა (სიმთვრალით გამოწვეული ახირების გამო, მან ერთხელ ეკიპაჟის რამდენიმე წევრის ჩამოხრჩობაც კი სცადა). ტასმანი, ამასთან, სამხრეთ ნახევარსფეროში უზარმაზარი კონტინენტის არსებობაში იყო დარწმუნებული და მისი პოვნა მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი.

იმდროინდელი ევროპელებისთვის დედამიწის ეს ნაწილი ჯერ დიდწილად უცნობი იყო. მაგრამ მათ იმის ურყევი რწმენა ჰქონდათ, რომ იქ დიდი ტერიტორიის მქონე ხმელეთი უნდა ყოფილიყო. აღმოუჩენელ ადგილს წინასწარ Terra Australis უწოდეს, რაც ლათინურად სამხრეთის მიწას ნიშნავს და ევროპის მიმართებით მის გეოგრაფიულ განლაგებას უსვამდა ხაზს. ამ მიწის არსებობას ჯერ კიდევ ძველი რომაელები ვარაუდობდნენ, მაგრამ ევროპელები მოცემული მოსაზრების შემოწმებას მხოლოდ ახლა იწყებდნენ.

ამგვარად, 14 აგვისტოს ტასმანი ორი პატარა გემით თავისი კომპანიის ჯაკარტაში მდებარე ბაზიდან გაემგზავრა და თავდაპირველად დასავლეთისკენ აიღო გეზი, შემდეგ სამხრეთით, შემდეგ აღმოსავლეთით, საბოლოოდ კი ეკიპაჟმა ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულებს მიაღწია. ადგილობრივ მაორელებთან ტასმანის პირველ შეხვედრას კარგად არ ჩაუვლია: მისი გემების გამოჩენიდან მეორე დღეს ადგილობრივები კანოეთი თავს დაესხნენ მოგზაურების პატარა ნავს, რომელიც ნიდერლანდელთა გემებს შორის შეტყობინებებს გადასცემდა. ამ ინციდენტის შედეგად, ოთხი ევროპელი დაიღუპა. საპასუხოდ მეზღვაურებმა მაორელების 11 კანოეს ქვემეხებიდან ჭურვები დაუშინეს, თუმცა აღარ დაელოდნენ იმის გაგებას, თუ რა ბედი ეწიათ მათ სამიზნეებს.

ამ კონფლიქტის შედეგად მისია დასრულდა — ტასმანმა ამ საბედისწერო ადგილს მცირე ირონიით მორდენარსის (მკვლელების) ყურე უწოდა და რამდენიმე კვირის შემდეგ სახლში ისე დაბრუნდა, რომ ახალ მიწაზე ფეხიც კი არ დაუდგამს. მართალია, ტასმანს სჯეროდა, რომ სამხრეთის დიდი კონტინენტი იპოვა, თუმცა მისთვის ისიც აშკარა იყო, რომ აღმოჩენილ მიწას არაფერი ჰქონდა საერთო იმ კომერციული უტოპიასთან, რომელიც ოცნებებში წარმოისახა. ტასმანი იქ არასდროს დაბრუნებულა.

(ამ დროისთვის ავსტრალია უკვე აღმოჩენილი იყო, მაგრამ ევროპელები ფიქრობდნენ, რომ ეს ტერიტორია ის ლეგენდარული კონტინენტი ვერ იქნებოდა, რომელსაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ეძებდნენ. კონტინენტს ავსტრალიის სახელი მოგვიანებით მიენიჭა, როცა ევროპელებმა აზრი შეიცვალეს).

რაც უნდა უცნაური იყოს, ტასმანი ერთ რამეში ნამდვილად არ ცდებოდა — ფარული კონტინენტი მართლაც არსებობდა.

აბელ ტასმანმა, შეიძლება ითქვას, მართლაც იპოვა სამხრეთის დიდი კონტინენტი, თუმცა მან ვერ გააცნობიერა, რომ მისი 94% წყლის ქვეშ იყო.

ფოტო: Alamy

2017 წელს მედიის ყურადღება გეოლოგთა ჯგუფმა მიიპყრო, რომელიც აცხადებდა, რომ ახალი კონტინენტი — ზელანდია აღმოაჩინა. მათი თქმით, ეს გახლდათ უზარმაზარი კონტინენტი, რომლის ფართობიც 4,9 მილიონი კვ.კმ. იყო, რაც მადაგასკარის ზომას ექვსჯერ აღემატება.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ენციკლოპედიები, რუკები და საძიებო სისტემები დიდი ხნის განმავლობაში შვიდი კონტინენტის არსებობის შესახებ მტკიცედ ირწმუნებოდნენ, გეოლოგთა გუნდმა თამამად შეატყობინა სამყაროს, რომ ეს არასწორი წარმოდგენა იყო. ბოლო შესწორება ახლადაღმოჩენილი კონტინენტის შესახებ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პატარა და ახალგაზრდაა, ძველ მონაცემებს ეწინააღმდეგება. აღმოჩენის სირთულე ის იყო, რომ კონტინენტის 94% წყალქვეშ მდებარეობს და მხოლოდ რამდენიმე კუნძული — მაგალითად, ახალი ზელანდია — აღწევს ოკეანის სიღრმიდან ზედაპირამდე. სწორედ ესაა მიზეზი, რომ კონტინენტი მთელი ამ ხნის განმავლობაში მოგზაურების თვალწინ იმალებოდა.

"ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ძალიან აშკარა რაღაცის აღმოჩენას დიდი დრო დასჭირდეს", — ამბობს ენდი ტულოჩი, ახალი ზელანდიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გეოლოგი, რომელიც ახალი კონტინენტის აღმომჩენი გუნდის წევრი იყო.

ზელანდიის აღმოჩენა მისი შემსწავლელი პროცესის მხოლოდ დასაწყისია, რადგან ოთხი წლის შემდეგაც კონტინენტი ისევ იდუმალებით მოცულ ადგილად რჩება, რომლის საიდუმლოებების დიდი ნაწილი წყლის ქვეშ 2 კმ. სიღრმეზე საიმედოდ ინახება. ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება შემდეგი კითხვები: როგორ ჩამოყალიბდა კონტინენტი? რომელი ცოცხალი ორგანიზმები ცხოვრობდნენ იქ? ან რამდენი ხანია, რაც ტერიტორია წყალქვეშაა?

შრომატევადი აღმოჩენა

რეალურად ზელანდიის მიმდებარე ტერიტორია ყოველთვის რთულად შესასწავლი იყო.

საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ტასმანმა 1642 წელს ახალი ზელანდია აღმოაჩინა, ბრიტანელი კარტოგრაფი ჯეიმს კუკი სამეცნიერო ექსპედიციაზე სამხრეთ ნახევარსფეროში გაგზავნეს. მისი ოფიციალური დავალება იყო, რომ დედამიწასა და მზეს შორის ვენერას მოძრაობას დაკვირვებოდა, რათა დედამიწიდან მზემდე მანძილი დაეანგარიშებინა.

გეოლოგიური უცნაურობის გამო, იდუმალი წარმომავლობის ჩიტის, კივის უახლოესი ნათესავი მადაგასკარზე ბინადრობდა.

ჯეიმს კუკს თან ჰქონდა დალუქული კონვერტი, რომელიც, ბრძანების მიხედვით, პირველი დავალების შესრულების შემდეგ უნდა გაეხსნა. წერილში საუბარი იყო სამხრეთ კონტინენტის აღმოჩენის საიდუმლო მისიაზე. ირონიულია, რომ კუკმა, სავარაუდოდ, ზუსტად ამ ტერიტორიის თავზე გადაცურა, სანამ ახალ ზელანდიას მიადგებოდა.

ზელანდიის არსებობის შესახებ პირველი სანდო ცნობები შოტლანდიელმა ბუნებისმეტყველმა, სერ ჯეიმს ჰექტორმა შეაგროვა, რომელიც 1895 წელს ახალი ზელანდიის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე მთელი რიგი კუნძულების გამოსაკვლევად გაგზავნილ ექსპედიციას ახლდა. კუნძულთა გეოლოგიური შესწავლის შემდეგ ჰექტორმა დაასკვნა, რომ ახალი ზელანდია "მთათა სისტემის ნაშთია, რომელიც დიდი კონტინენტური ტერიტორიის მწვერვალი უნდა ყოფილიყო. ეს კონტინენტური ტერიტორია კი სამხრეთითა და აღმოსავლეთით იყო გადაჭიმული და ის ახლა ჩაძირულია".

ამ ადრეული მიგნების მიუხედავად, ზელანდიის შესაძლო არსებობის შესახებ ცოდნა ბუნდოვანი იყო და მისი ძიების მხრივ 1960-იან წლებამდე სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა. "ამ სფეროში ყველაფერი ძალიან ნელა ხდება", — ამბობს ნიკ მორტიმერი, ახალი ზელანდიის კვლევითი ინსტიტუტის გეოლოგი, რომელიც 2017 წლის კვლევას ხელმძღვანელობდა.

1960-იან წლებში გეოლოგები საბოლოოდ შეთანხმდნენ კონტინენტის განსაზღვრებაზე — ეს გახლავთ ამაღლების მქონე გეოლოგიური არეალი კლდეების მრავალფეროვნებითა და სქელი ქერქით, რომელიც, ამასთან, ფართო ტერიტორიას მოიცავს. ასეთი დეფინიცია გეოლოგებს ზელანდიის აღმოსაჩენად მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევდა — თუ ისინი მტკიცებულებებს შეაგროვებდნენ, მაშინ მერვე კონტინენტის არსებობა დამტკიცდებოდა.

მიუხედავად ამ ენთუზიაზმისა, მისია შეჩერდა — კონტინენტის აღმოჩენა რთული და ძვირი საქმე აღმოჩნდა. ამასთან, მორტიმერი იმასაც აღნიშნავს, რომ ამგვარი აღმოჩენის გაკეთების გადაუდებელი აუცილებლობაც არ არსებობდა. უკვე 1995 წელს ამერიკელმა გეოფიზიკოსმა, ბრიუს ლუენდიკმა რეგიონი კვლავ კონტინენტად მოიხსენია და საზოგადოებას შესთავაზა, რომ მისთვის ზელანდია ეწოდებინათ. ამის შემდეგ კი, ტულოჩის თქმით, მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა.

ტასმანის გემებმა მაორის ხალხთან სისხლიანი შეხვედრის შემდეგ ახალი ზელანდია დატოვეს — მაგრამ მას მაინც სჯეროდა, რომ ლეგენდარული სამხრეთ კონტინენტი იპოვა.

ფოტო: Alamy

დაახლოებით იმავე პერიოდში ძალაში შევიდა გაეროს კონვენცია ზღვის კანონის შესახებ, რამაც კონტინენტის აღმოსაჩენად სერიოზული მოტივაცია შექმნა. კანონში ნათქვამია, რომ ქვეყნებს შეუძლიათ გააფართოონ თავიანთი ლეგალური ტერიტორიები ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მიღმა, რომელიც სანაპირო ზოლიდან 200 საზღვაო მილს (370 კმ.) აღწევს. ამ გზით სახელმწიფოების უფლებამოსილებაში გადადის "გაფართოებული კონტინენტური შელფი" — მთელი იმ მინერალური სიმდიდრით და ნავთობით, რომელიც ამ ტერიტორიის შიგნითაა.

თუ დამტკიცდებოდა, რომ ახალი ზელანდია კონტინენტის ნაწილია, ეს მის ტერიტორიას ექვსჯერ გააფართოებდა. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ზელანდიის კვლევითი ექსპედიციებისთვის დიდი რაოდენობით თანხა გამოიყო, რამაც მტკიცებულებების შეგროვებას საგრძნობლად შეუწყო ხელი. კვლევების შედეგად შესწავლილმა და შეგროვებულმა ქანების თითოეულმა ნიმუშმა ზელანდიის აღმოჩენის საკითხში დიდი წვლილი შეიტანა.

საბოლოო წარმატება სატელიტის მონაცემებს უკავშირდება, რომლებიც დედამიწის ქერქის სხვადასხვა ნაწილში გრავიტაციის უმცირესი ცვლილებების დასადგენად გამოიყენება, რათა მკვლევრებმა ზღვის ფსკერის რუკა შეადგინონ. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით რუკაზე აშკარად ჩანს ზელანდიის ტერიტორია როგორც დეფორმირებული მასა, რომელიც თითქმის ავსტრალიის სიდიდისაა.

სატელიტური მონაცემები ზელანდიის კონტინენტის ვიზუალიზაციისთვის საჭირო მასალას იძლევა. ის ამ სურათზე ავსტრალიის აღმოსავლეთით ცისფერი თავდაყირა სამკუთხედის სახით ჩანს.

როცა კონტინენტმა სამყაროს საკუთარი თავი საბოლოოდ გაუმჟღავნა, ამან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საზღვაო ტერიტორიის აღმოჩენასაც შეუწყო ხელი. "ეს უმაგრესი აღმოჩენაა", — ამბობს მორტიმერი, — "თუ დავუკვირდებით, პლანეტის ყველა კონტინენტზე სხვადასხვა ქვეყანაა განლაგებული, მაგრამ ზელანდიაზე მხოლოდ სამ ტერიტორიულ ერთეულს ვხვდებით".

ახალი ზელანდიის გარდა, კონტინენტი კუნძულ ახალ კალედონიას — საფრანგეთის კოლონიას, რომელიც თავისი კაშკაშა ლაგუნებითაა ცნობილი — და ავსტრალიის ორ პატარა ტერიტორიას, ლორდ ჰოუს კუნძულსა და ბოლს-პირამიდას მოიცავს.

იდუმალი გაფართოება

თავდაპირველად ზელანდია გონდვანას უძველესი სუპერკონტინენტის ნაწილი იყო, რომელიც დაახლოებით 550 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა და, ფაქტობრივად, სამხრეთ ნახევარსფეროს მიწას მთლიანად მოიცავდა. ამ პერიოდში ზელანდიას კონტინენტის აღმოსავლეთ მხარეს კუთხე ეკავა, საიდანაც სხვა კუთხეებს ესაზღვრებოდა — მათ შორის, დასავლეთ ანტარქტიდის ტერიტორიის ნახევარსა და მთელ აღმოსავლეთ ავსტრალიას.

შემდეგ კი, დაახლოებით 105 მილიონი წლის წინ "იმ პროცესის გამო, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ გვესმის, ზელანდიამ გამოცალკევება დაიწყო", — ამბობს ტულოჩი.

კონტინენტური ქერქი დაახლოებით 40 კმ. სისქისაა, რაც გაცილებით მეტია ოკეანური ქერქის სისქეზე, რომელიც დაახლოებით 10 კმ-ს შესადგენს. გონდვანადან გამოყოფის პროცესში ზელანდია იმდენად იწელებოდა, რომ საბოლოოდ დეფორმირდა, რამაც ქერქის სისქე 20 კმ-დე შეამცირა. საბოლოოდ, თხელი ქერქის მქონე კონტინენტი ჩაიძირა — თუმცა ნორმალური ოკეანური ქერქის დონეზე არ აღმოჩნდა — და წყლის ქვეშ გაუჩინარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზელანდიას თხელი ქერქი აქვს და წყალშია ჩაძირული, გეოლოგები მას კონტინენტის სტატუსს იქ აღმოჩენილი ქანების გამო მაინც ანიჭებენ. კონტინენტური ქერქი, ჩვეულებრივ, ვულკანური, მეტამორფული და დანალექი ქანებისგან შედგება, როგორებიცაა გრანიტი, ფიქალი და კირქვა. ხოლო ოკეანის ფსკერი, ძირითადად, ვულკანური ქანებისგანაა აგებული — მაგალითად, ბაზალტისგან.

როდესაც გონდვანას სუპერკონტინენტი დაიშალა, მისი ფრაგმენტები მთელ დედამიწაზე გაიფანტა. გონდვანას უძველეს მცენარეებს ავსტრალიის დორიგოს ტყეში დღესაც ვხვდებით.

ფოტო: Getty Images

ზელანდიის შესახებ ზოგიერთი ფაქტი დღემდე არ არის ახსნილი. მერვე კონტინენტის უჩვეულო წარმოშობა გეოლოგებისთვის დამაინტრიგებელი და დამაბნეველია. მაგალითად, ჯერ კიდევ გაუგებარია, თუ როგორ შეინარჩუნა ზელანდიამ დიდი ზომის ხმელეთის ერთიანობა და პატარა მიკროკონტინენტებად არ დაიშალა მაშინ, როცა მისი ქერქი ასეთი თხელია.

შემდეგი ამოუხსნელი ფაქტია ის, თუ როდის მოექცა ზელანდია წყლის ქვეშ და, ზოგადად, არსებობდა თუ არა დრო, როცა ის მშრალ ხმელეთს შეადგენდა. დღეისათვის ზღვის დონეზე მაღლა მდებარე ნაწილები ქედებს წარმოადგენენ, რომლებიც წყნარი ოკეანისა და ავსტრალიის ტექტონიკური ფილების შერევით ჩამოყალიბდა. ტულოჩი ამბობს, რომ ამ საკითხის შესახებ მოსაზრებები ორად იყოფა. მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ გარდა რამდენიმე პატარა კუნძულისა, ზელანდია ყოველთვის წყალქვეშ იყო. დანარჩენები კი ფიქრობენ, რომ ოდესღაც მთელი ტერიტორია მშრალ ხმელეთს წარმოადგენდა.

ეს, თავის მხრივ, აჩენს კითხვებს იმის თაობაზე, თუ რომელი სახეობები ბინადრობდნენ ამ ტერიტორიაზე.

ზომიერი კლიმატისა და 101 მილიონი კვ. კმ. ფართობის წყალობით, გონდვანა ფლორისა და ფაუნის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. სწორედ აქ ბინადრობდნენ პირველი ოთხფეხა ხმელეთის ცხოველები, მოგვიანებით კი დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე დიდი ცხოველები — ტიტანოზავრები. შეიძლება თუ არა, რომ ზელანდიაში მათი ნაშთები ისევ ინახებოდეს?

დებატები დინოზავრების შესახებ

ხმელეთის ცხოველთა ნამარხები სამხრეთ ნახევარსფეროში იშვიათად გვხვდება, მაგრამ 1990-იან წლებში ახალ ზელანდიაში რამდენიმე ნაშთი იპოვეს — მათ შორის იყო გიგანტური, გრძელკუდიანი, გრძელი კისრის მქონე დინოზავრის (ზავროპოდის) ნეკნის ძვალი და ნისკარტიანი ბალახისმჭამელი დინოზავრის (ჰიპსილოფოდონტის) და ჯავშნიანი დინოზავრის (ანკილოზავრის) ნაწილები. 2006 წელს კი სამხრეთ კუნძულიდან 800 კილომეტრში, ჩატამის კუნძულებზე, დიდი ხორცისმჭამლის ფეხის ძვალი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ალოზავრი უნდა ყოფილიყო.

ჩიტი-სპილოს სიმაღლე 3 მეტრი იყო და მისი კვერცხის ნაჭუჭის ფრაგმენტები სანაპიროებზე დღემდე შემორჩენილია.

ფოტო: Alamy

თუმცა, ეს სულაც არ გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ ზელანდიის უმეტეს ნაწილზე დინოზავრები დახეტიალობდნენ — შესაძლოა, ეს კუნძულები მათთვის თავშესაფრად მაშინ ქცეულიყო, როცა კონტინენტის დანარჩენი ნაწილი იძირებოდა. "ცხარე კამათი მიმდინარეობს იმის შესახებ, შეეძლოთ თუ არა ხმელეთის ცხოველებს განგრძობითი მიწის გარეშე არსებობა და ამ წინაპირობის არარსებობა მათ განადგურებას ხომ არ გამოიწვევდა", — ამბობს გეოფიზიკის და ტექტონიკის პროფესორი, რუპერტ საზერლენდი.

საკითხს კიდევ უფრო ხლართავს ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საყვარელი მკვიდრი, კივი — პატარა, ულვაშებიანი და თმის მსგავსი ბუმბულის მქონე ჩიტი, რომელსაც ფრენა არ შეუძლია. უცნაურია, რომ კივის უახლოესი ნათესავი მოა არ არის, რომელიც იმავე ჯგუფის — რატიტების — წარმომადგენელია და ზელანდიის კუნძულზე იქამდე ცხოვრობდა, სანამ 500 წლის წინ გადაშენდებოდა. სინამდვილეში, კივის უახლოესი ნათესავი კიდევ უფრო გიგანტური ჩიტი-სპილოა, რომელიც სულ რაღაც 800 წლის წინაც კი მადაგასკარის ტყეებში ბინადრობდა.

ამ აღმოჩენამ მეცნიერები იმ იდეაზე დააფიქრა, რომ ორივე ფრინველი საერთო წინაპრისგან წარმოიშვა, რომელიც გონდვანაში ცხოვრობდა. გონდვანას სრულად დაშლას 130 მილიონი წელი დასჭირდა. ამის შემდეგ კი მისი ნაწილები მთელ დედამიწაზე გაიფანტა, რის შედეგადაც სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, მადაგასკარი, ანტარქტიდა, ავსტრალია, არაბეთის ნახევარკუნძული, ინდოეთის სუბკონტინენტი და ზელანდია ჩამოყალიბდა.

ეს, თავის მხრივ, იმაზე მიანიშნებს, რომ ახლა უკვე ჩაძირული ზელანდიის ნაწილი მაინც მთელი ამ დროის განმავლობაში ზღვის დონის ზემოთ მდებარეობდა. თუმცა, ამასთან, იმასაც ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 25 მილიონი წლის წინ მთელი კონტინენტი — მათ შორის ახალი ზელანდიაც კი — წყალქვეშ აღმოჩნდა. "ითვლებოდა, რომ ყველა მცენარე და ცხოველი ახალ ზელანდიაზე მოგვიანებით გავრცელდნენ", — ამბობს საზერლენდი. და მაინც, რა მოხდა სინამდვილეში?

მართალია, ზელანდიის ფსკერიდან ნაშთების უშუალოდ შეგროვება შეუძლებელია, მაგრამ მეცნიერები მის სიღრმეს გაბურღვით ადგენენ. "რეალურად, ყველაზე მრავლისმთქმელი და გამორჩეული სწორედ ის ნაშთებია, რომლებიც მეჩხერ წყლებში წარმოიქმნება", — ამბობს საზერლენდი, — "რადგან ისინი მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავენ. არსებობს მილიარდობით პაწაწინა ნამარხი, რომლებიც ამ კუთხით ძალიან გამორჩეულია".

ტექტონიკური ფილების მოძრაობის შედეგად ახალი ზელანდია კონტინენტ ზელანდიის ყველაზე მაღალი წერტილი გახდა.

2017 წელს გუნდმა ამ დროისთვის რეგიონის ყველაზე მასშტაბური გამოკვლევები ჩაატარა და ზღვის ფსკერი ექვს სხვადასხვა ადგილზე 1250 მეტრამდე გაბურღა. ბირთვები, რომლებიც მათ შეაგროვეს, ხმელეთის მცენარეების ყვავილის მტვერს შეიცავს. აგრეთვე აღმოაჩინეს სპორები და ორგანიზმების გარსები, რომლებიც თბილ, მეჩხერ წყლებში ცხოვრობდნენ.

"თუ არსებობს წყალი, რომელიც დაახლოებით 10 მეტრის სიღრმისაა, მაშინ დიდი შანსია, რომ მის გარშემო ხმელეთიცაა", — ამბობს საზერლენდი, რომელიც მტვრისა და სპორების არსებობას იმით ხსნის, რომ ზელანდია ყოველთვის წყალქვეშ ჩაძირული არ უნდა ყოფილიყო.

უჩვეულო დეფორმაცია

კონტინენტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ამოუხსნელი საიდუმლო ზელანდიის ფორმას უკავშირდება.

"ახალი ზელანდიის გეოლოგიურ რუკას თუ გადავხედავთ, ორი რამ ნამდვილად გვეცემა თვალში", — ამბობს საზერლენდი. ერთ-ერთი მათგანი ალპების ნასხლეტია, გეოლოგიური საზღვარი, რომელიც სამხრეთის კუნძულის გასწვრივ გადის და იმდენად დიდია, რომ კოსმოსიდან ჩანს.

კლდეების წითელი ზოლი — საშუალო ბათოლითი — ზელანდიას დიაგონალური ხაზით უნდა ჩაუყვებოდეს, მაგრამ ამის ნაცვლად ის დეფორმირებულია.

ფოტო: GNS Science

მეორე, რაც ჩვენს ყურადღებას მიიპყრობს, ახალი ზელანდიის გეოლოგიაა. უფრო ფართო ზელანდიის კონტინენტის მსგავსად, ისიც უცნაურად არის მოხრილი. კუნძულიც და კონტინენტიც ჰორიზონტალური ხაზით სწორედ იქ იყოფა ორად, სადაც წყნარი ოკეანისა და ავსტრალიის ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ხვდება. ამ კონკრეტულ წერტილში ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ვიღაცამ ქვედა ნაწილი გაწია და ისე დაგრიხა, რომ აქამდე სწორხაზოვნად ჩალაგებული კლდის ქედები არა თუ აღარ ემთხვევა ერთმანეთს, არამედ ისინი თითქმის მართ კუთხეებსაც კი ქმნიან.

ამის მარტივი ახსნა ის იქნებოდა, რომ ტექტონიკური ფილები გადაადგილდნენ და როგორღაც ქედების ასეთი დეფორმირება გამოიწვიეს. თუმცა ზუსტად როგორ ან როდის მოხდა ეს, ჯერ კიდევ ამოუხსნელია. "იმის მიუხედავად, რომ ამ მოვლენის ბევრი ინტერპრეტაცია არსებობს, ის დღემდე დიდ საიდუმლოდ რჩება", — ამბობს ტულოჩი.

საზერლენდის მიხედვით, კონტინენტი უახლოეს მომავალში არ აპირებს, ყველა საიდუმლო გაამჟღავნოს. "ერთობ რთულია აღმოჩენების გაკეთება, როდესაც ყველაფერი წყალში 2 კმ-ის სიღრმეზეა, ხოლო ფენები, რომელთა ნიმუშის აღებაც გჭირდება, 500 მ-ით დაბლა, ზღვის ფსკერზეა განლაგებული", — ამბობს ის. ასეთი კონტინენტის გამოკვლევა და დათვალიერება ნამდვილად ძნელია, რადგან ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და ძალისხმევაა საჭირო.

სხვა თუ არაფერი, მსოფლიოს მერვე კონტინენტი იმას ნამდვილად ცხადყოფს, რომ ტასმანის მისიიდან თითქმის 400 წლის შემდეგ კიდევ ბევრი რამ არის აღმოსაჩენი.