აშშ-სა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმება გაფორმდება, რომელიც USAID-ის მიერ საქართველოსთვის, დაახლოებით, 67 მლნ აშშ დოლარის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს. ასევე შესაძლებელია, რომ გრანტის მოცულობა 330,5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდოს. დოკუმენტის პარლამენტში რატიფიცირებისთვის უკვე წარდგენილია და საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს.

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს თანამონაწილეობა შეადგენს დაახლოებით 7,7 მლნ აშშ დოლარს, რომელიც ასევე, გაიზრდება გრანტის თანხის ზრდასთან ერთად.

როგორც დღეს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, განმარტა, აღნიშნული თანხა რამდენიმე მიმართულებით დაიხარჯება.

გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით, გათვალისწინებულია 14,5 მლნ აშშ დოლარი, რაც მომდევნო წლებში შესაძლებელია, გაიზარდოს 79,4 მლნ დოლარამდე.

მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად გათვალისწინებულია 25,9 მლნ დოლარი და მოიცავს კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ მმართველობას, პოლიტიკურ კონკურენციას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, სოციალურ სერვისებს.

ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნის მიმართულებაზე გამოყოფილია 26,6 მლნ აშშ დოლარი.

ხელშეკრულების დოკუმენტის რატიფიცირება უახლოეს სესიაზე იგეგმება.