სახალხო დამცველის განცხადებით, მომდევნო კვირას ნინოწმინდის პანსიონში მეუფე იაკობთან ერთად ჩავა. ამის შესახებ ომბუდსმენმა მეუფე იაკობთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოება სახალხო დამცველის მიმართ და მე მინდა, რომ მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილნი არ იყვნენ. ვფიქრობ, ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს და ამის შემდეგ ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები დაიწყებენ იქ მუშაობას", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, შეთანხმდნენ იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა და მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი.

"არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ბავშვების ინტერესებთან მიმართებით. ძირითადად კითხვა-პასუხი არ ყოფილა, ეს იყო უფრო მეტად ჩვენი შთაბეჭდილებები და საუბრები პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით", — აღნიშნა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის ჩატარებისთვის შეშვებას რამდენიმე თვე ითხოვდა. პანსიონის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების შეშვებაზე უარს აცხადებდა და ჰომოფობიურ მიზეზებსაც ასახელებდა.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ პანსიონში ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობაც ფიქსირდება, რასაც ყოფილი თუ ამჟამინდელი აღსაზრდელები ადასტურებენ. საპატრიარქოში პანსიონის მიმართ ბრალდებებს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ თუ გადაცდომები იყო, მედიაში ის უტრირებულად გაშუქდა.

გამოძიების დასრულებამდე პანსიონიდან ბავშვების გაყვანის მოთხოვნით სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებების მიმართა. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა. ბოლო ინფორმაციით, დაწესებულებიდან უკვე გაყვანილია 30 ბავშვი და კიდევ 23 ადგილზე რჩება.

13 ივნისს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა, სადაც სასულიერო პირები ევროკავშირის ელჩთან და ბავშთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად ნინოწმინდის პანსიონზე მსჯელობდნენ.

შეხვედრის შემდეგ ყველა მხარემ განაცხადა, რომ მთავარია ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა და ამაზე თანხმდებიან. ითქვა ისიც, რომ საჭიროა დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების გაყვანა და ამაზეც საერთო აზრზე არიან, თუმცა გაურკვეველი დარჩა, იხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი. საპატრიარქოს პრესსპიკერის თქმით, "დახურვაზე არ არის საუბარი", ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კი დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვის ვალდებულებაზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პანსიონი იხურება, ასე უპასუხა:

"ალტერნატიული სერვისების ჩამოყალიბება... გამოდის პრინციპში, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება. დღესაც ამ პროცესებს ჩვენ ვაგრძელებთ".

შეხვედრიდან ერთ დღეში ცნობილი გახდა, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონის ხელმძღვანელი აღარ იქნება და ის ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჩაანაცვლა.