ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ნინოწმინდის პანსიონში შესვლა მისი ვალდებულებაა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ომბუდსმენთან ყოველთვის თანამშრომლობს.

"ამ ეტაპისთვის გვაქვს პროდუქტიული თანამშრომლობა ახალ ხელმძღვანელობასთან და ვთვლი, რომ ყველა ადამიანს უნდა მივცეთ იმის დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ მოგვიანებით, ფაქტების შემდეგ. ამ ეტაპისთვის ჯანდაცვის სამინისტროს საფუძველი არ გააჩნია ვივარაუდოთ, რომ რამე გაუარესება მოხდება...

სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს არის მისი ვალდებულება და აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია შეასრულოს თავისი მანდატი და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან", — განაცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.

სახალხო დამცველი უკვე რამდენიმე თვეა ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის ჩატარებისთვის შეშვებას ითხოვს. პანსიონის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების შეშვებაზე უარს აცხადებდა და ჰომოფობიურ მიზეზებსაც ასახელებდა.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ პანსიონში ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობაც ფიქსირდება, რასაც ყოფილი თუ ამჟამინდელი აღსაზრდელები ადასტურებენ. საპატრიარქოში პანსიონის მიმართ ბრალდებებს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ თუ გადაცდომები იყო, მედიაში ის უტრირებულად გაშუქდა.

გამოძიების დასრულებამდე პანსიონიდან ბავშვების გაყვანის მოთხოვნით სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებების მიმართა. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა. ბოლო ინფორმაციით, დაწესებულებიდან უკვე გაყვანილია 30 ბავშვი და კიდევ 23 ადგილზე რჩება.

13 ივნისს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა, სადაც სასულიერო პირები ევროკავშირის ელჩთან და ბავშთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად ნინოწმინდის პანსიონზე მსჯელობდნენ.

შეხვედრის შემდეგ ყველა მხარემ განაცხადა, რომ მთავარია ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა და ამაზე თანხმდებიან. ითქვა ისიც, რომ საჭიროა დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების გაყვანა და ამაზეც საერთო აზრზე არიან, თუმცა გაურკვეველი დარჩა, იხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი. საპატრიარქოს პრესსპიკერის თქმით, "დახურვაზე არ არის საუბარი", ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კი დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვის ვალდებულებაზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პანსიონი იხურება, ასე უპასუხა:

"ალტერნატიული სერვისების ჩამოყალიბება... გამოდის პრინციპში, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება. დღესაც ამ პროცესებს ჩვენ ვაგრძელებთ".

შეხვედრიდან ერთ დღეში ცნობილი გახდა, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონის ხელმძღვანელი აღარ იქნება და მას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ჩაანაცვლებს.