რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი მომხმარებელი აკეთებს არჩევანს ციფრულ სერვისებზე, ფიზიკური მომსახურების საპირისპიროდ. ეს ტენდენცია პანდემიის პერიოდში გაცილებით შესამჩნევი გახდა. ბრენდებს დაჩქარებულად მოუწიათ ციფრულ ტრანსფორმაციაზე ზრუნვა, ხოლო იმ კომპანიებს, რომელთაც დისტანციური მომსახურება უკვე დანერგილი და განვითარებული ჰქონდათ, ახალი ფუნქციონალების დამატება მაინც მოუხდათ. პროგნოზების თანახმად, გაციფრულება ნებისმიერი სექტორისთვის გარდაუვალი პროცესია, პანდემიამ ეს მხოლოდ დააჩქარა და გამონაკლისს არც ბანკები წარმოადგენენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკების ციფრული სერვისები დღითიდღე იხვეწება, ფინანსურ სექტორში ვხვდებით არაერთ ფინტექ სტარტაპს, რომელიც ბანკებთან შედარებით უფრო მოქნილია, ტექნოლოგიურ ტრენდებს შედარებით მარტივად ნერგავს და ინოვაციებსაც ფეხს უფრო სწრაფად უწყობს. ასეთი კომპანიები "ციფრული სიმწიფითა" და სისხარტით გამოირჩევიან და ჩვენს ფინანსურ ფუნქციონირებასაც ამარტივებენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ბანკების ჩანაცვლებას შეძლებენ. ამისთვის მათ საკმარისი გამოცდილება როდი აქვთ და ესეც რომ არა, ბანკები და ფინტექ სტარტაპები ფინანსურ ბაზარზე წარმატებით ახერხებენ თანაარსებობას. ბანკებს სჭირდებათ ფინტექ კომპანიები და პირიქით, ფინტექ კომპანიებს სჭირდებათ დიდი ფინანსური ორგანიზაციები. მათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას კი ახალი რეგულაცია უწყობს ხელს. რეგულაცია, რომელსაც ღია ბანკინგს უწოდებენ და ის მომხმარებელზე ორიენტირებული ღია ბანკინგის ფორმირებას შეუწყობს ხელს.

ის, თუ რა არის ღია ბანკინგი, ჩვენი სტატიიდან შეგიძლიათ გაიგოთ. აქ კი შედარებით მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის რეგულაცია, რომელიც ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს მეტ გამჭვირვალობას ავალდებულებს. უფრო კონკრეტულად, თუ მინიმუმ ორი ბანკის მომხმარებელი მაინც ხართ ერთდროულად, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, ერთ ბანკს აქვს ვალდებულება მეორეს თქვენი ფინანსური ქცევისა და მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია გაუზიაროს. ეს ეხება ფინტექ კომპანიებსაც.

საქართველოში ღია ბანკინგის რეგულაცია მიმდინარე წლის დასაწყისში ამოქმედდა, სექტემბრიდან კი მასში ფინტექ კომპანიებიც ჩაერთვებიან. უფრო კონკრეტულად — თუ მონაცემები ამჟამად მხოლოდ ბანკებს შორისაა ხელმისაწვდომი, სექტემბრიდან მასზე წვდომა, საქართველოში მოქმედ ფინტექ კომპანიებსაც ექნებათ. ეს კი ქართული ფინტექ ინდუსტრიისთვის, ერთდროულად, დიდი გამოწვევაცაა და დიდი შესაძლებლობაც.

ღია ბანკინგის რეგულაცია მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურ სექტორში არსებულ წესებს ცვლის და ეს უკვე საქართველოშიც ხდება. სექტემბრამდე ფინტექ კომპანიებს აქვთ დრო იმისათვის, რომ ამ რეგულაციას მოერგონ, შეცვალონ ბიზნეს მოდელი და მოიძიონ და შექმნან ინოვაციური გადაწყვეტები პრობლემების გადასაჭრელად. პრობლემების, რომელიც ფინანსურ სექტორში ღია ბანკინგის რეგულაციის დანერგვას მოჰყვება.

ფაქტობრივად, ეს რეგულაცია არის ბიძგი ახალი პროდუქტებისა და გადაწყვეტების შესამუშავებლად და ეს ბევრ ფინტექ სტარტაპს კარგად ესმის. ბაზარზე ახალი საჭიროებები და სტანდარტები ჩნდება, რომელსაც სტარტაპები თავიანთი პროდუქტებით უნდა მოერგონ. მეორე მხრივ, საბანკო მონაცემებთან წვდომის გარეშე, ფინტექ სტარტაპებისთვის რთული იყო ფინანსების მართვის გამარტივების მიზნით, ამა თუ იმ სერვისის/პროდუქტის შექმნა. როგორც უკვე ვთქვით, ღია ბანკინგის რეგულაცია ფინტექებს აძლევს წვდომას ამ მონაცემებზე, რაც მათ ეფექტიანი პროდუქტების შექმნაში დაეხმარება.

ფინტექ კომპანიებსა და ბანკებზეა დამოკიდებული, თუ რა ინსტრუმენტებს შეიმუშავებენ, ან დანერგავენ ერთმანეთს შორის ინფორმაციის უსაფრთხო მიმოცვლის მიზნით. მნიშვნელოვანია ის ციფრული და IT გადაწყვეტები, რომლის მიღებაც და ერთმანეთისთვის შეთავაზებაც ამ პროცესში მხარეებს შეუძლიათ. ეს კი, ისევ და ისევ, დიდი შესაძლებლობაა ტექნოლოგიურად მოქნილი და "ციფრულად მწიფე" ფინტექ კომპანიებისთვის. შესაძლებლობა, რომელსაც ერთი მხრივ, შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ფინანსური სექტორის ფუნქციონირება და მეორე მხრივ, მომხმარებლებს დიდი სარგებელი მოუტანოს.