19 ივნისს სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებებით კომპანიები ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში შეიკრიბებიან. სოციალური და მწვანე საწარმოების გამოფენა CENN-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

სოციალური და მწვანე საწარმოების მასშტაბური გამოფენა საქართველოში პირველად მოხდება.

დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე გაიცნონ 61 სხვადასხვა საწარმო საქართველოს მასშტაბით, გასინჯონ და შეიძინონ ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი წარმოების საინტერესო პროდუქცია.

ფოტო: CENN

მასში, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედი ისეთი საწარმოები მონაწილეობენ, რომლებიც ჩართულები არიან ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარებაში და თავიანთი საქმიანობით, ხელს უწყობენ ინკლუზიურ ზრდას ახალგაზრდებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების საშუალებით.

ერთ-ერთი ასეთი შპს კაუკასანია, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 90-იან წლებში დაფუძნდა. კომპანია ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვებასა და გადამუშავებაზე მუშაობს, რომელიც ექსპორტზე მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში გადის, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

"ახლა გვაქვს ახალი პროექტი. უკვე დაბრენდილ პროდუქციას ვუშვებთ. ეს არის გაყინული ფოთლების ჩაი, რაც სიახლეა როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის, რადგან არის ახალი სახეობის ჩაი. ამავდროულად, გაყინული ფოთლების ჩაის, ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებულ ჩაისთან შედარებით, გამორჩეულად მდიდარი ანტიოქსიდანტების შემცველობა აქვს", — ამბობს კაუკასანის პროექტების მენეჯერი, ირაკლი დოლიძე.

Freeze Tea / გაყინული ჩაი

ფოტო: შპს კაუკასანი

მისივე თქმით, Freeze Tea-ს გაყიდვა საქართველოს ბაზარზე უახლოეს მომავალში იგეგმება. ირაკლი დოლიძე აღნიშნავს, რომ "მწვანე ბიზნესების" ცნობადობის ამაღლების საქმეში 19 ივნისის გამოფენა მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

"ტყის პროდუქტების ბევრი კომპანია იქნება გამოფენილი და ჩვენთვისაც შესაძლებლობაა, რომ ჩვენი პროდუქტი გავაცნოთ როგორც მომხმარებლებს, ასევე, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩართულნი იყვნენ და აფინანსებდნენ ამ პროექტს", — აღნიშნავს დოლიძე.

სოციალური და მწვანე საწარმოების გამოფენაში მონაწილებს სოციალური საწარმო 7R, რომელიც ზუგდიდში მულტიფუნქციურ სივრცეს წარმოადგებს. ის აერთიანებს რამდენიმე სახელოსნოს, ნულოვანი ნარჩენის მაღაზიას, კაფეს, საერთო სამუშაო სივრცესა და ნარჩენების შეგროვების კუთხეს.

"ამ ეტაპზე ჩვენი საწარმოს მდგრადი მოდის სახელოსნოში ქსოვილების ნარჩენებისგან აქსესუარებს, დეკორაციებს და ტანსაცმელს ვაწარმოებთ. ჩვენი მიზანია, ნარჩენების ხელახალი გამოყენება და ამით გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შემცირება", — ამბობს 7R-ის დამფუძნებელი, მარი ბენდელიანი.

გამოფენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს 7R-ის დამფუძნებელიც.

"ჩვენთვის ასეთი ტიპის გამოფენები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ წარმოდგენილნი არიან როგორც მწვანე, ასევე, სხვა სოციალური საწარმოები, რომლებიც ქვეყანაში ფუნქციონირებენ. ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს დამთვალიერებელს, გაიცნოს, გაიგოს სოციალური საწარმოების შესახებ და ამავდროულად, ჩვენც ერთმანეთი დავინახოთ", — ამბობს მარი ბენდელიანი.

ტყის მერქნული და არამერქნული რესურსები, ტურიზმი, ბიომასა და მწვანე ეკონომიკა — ეს ასოციაცია ტყის პროდუქტის ძირითადი მიმართულებაა. მათი ძირითადი საქმიანობა ტყის პროდუქტებით მდგრადი კომერციული სარგებლობის მხარდაჭერაა, რაც ხდება კერძო, კოოპერატიულ, დარგობრივ, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული თანამშრომლობით ნედლეულის შეგროვების, კულტივაციის, წარმოებისა და მარკეტინგის განმახორციელებელ ფიზიკურ და იურიდიული პირებს შორის.

ფოტო: ასოციაცია ტყის პროდუქტები

"ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ საწარმოები გაიცნონ, პროდუქტები გასინჯონ და მწარმოებლებისგან პირადად მიიღონ ინფორმაცია. ასევე, მოხდება კანონმდებლობის განხილვაც", — აღნიშნავს ტყის პროდუქტების ასოციაციის დირექტორი, გიორგი გუჯარაიძე.

CENN-ის კომუნიკაციების სპეციალისტის, ანა პეტრიაშვილის თქმით, დამატებით, სტუმრებს ადგილზე შესთავაზებენ მასტერკლასებს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებაში, ხატვაში, იოგაში და სხვა.

"ამით ხელს ვუწყობთ, ერთი მხრივ, ბიზნესების პოპულარიზაციას და მეორე მხრივ, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას მწვანე და სოციალური პრობლემების მიმართულებით. ჩვენ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ვართ, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ძალიან მნიშვნელოვანია, გარემოს ის პრობლემები, რომლებიც ახლა აქტუალურია, სწორად მივიტანოთ საზოგადოებამდე და ვაჩვენოთ მათი გადაჭრის გზები, რაც ამ ბიზნესების საქმიანობაში გამოიხატება", — აღნიშნავს ანა პეტრიაშვილი.

სოციალური და მწვანე საწარმოების გამოფენა მწვანე ეკონომიკა და ინკლუზიური ზრდა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული კონფერენციის ნაწილია, რომელიც 18 ივნისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცის მე-3 პავილიონშია დაგეგმილი.

გამოფენა 19 ივნისს, 11:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება. მასში დასწრება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის თავისუფალია.

სოციალური და მწვანე საწარმოების გამოფენა რეგიონული კონფერენციის მწვანე ეკონომიკა და ინკლუზიური ზრდა სამხრეთ კავკასიაში ნაწილია, რომელიც 19 ივნისსაა დაგეგმილი, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცის მე-3 პავილიონში. კონფერენცია და თანმდევი გამოფენა იმართება CENN-ის შემდეგი მიმდინარე პროექტების ფარგლებში:

  • "EU4Youth — სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემების განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის" საქართველოსა და სომხეთში;
  • USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მხარდაჭერილი ინიციატივა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში "ციფრული კავკასია";
  • ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (ADC) მიერ დაფინანსებული პროექტი "ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის".

საწარმოების გასაცნობად და ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ღონისძიების ბმულს: სოციალური და მწვანე საწარმოების გამოფენა 2021.