თბილისი პრაიდის მარშის ჩატარებაზე ლევან ვასაძის ულტიმატუმზე საუბრისას გია ვოლსკი ამბობს, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია. ამასთან ერთად, პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ საზოგადოება მრავალფეროვანია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

გია ვოლკის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს ის ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის, ლევან ვასაძის ულტიმატუმის შესახებ. ვასაძემ ხელისუფლებას 10-დღიანი ვადა მისცა, რათა თბილისი პრაიდის მიერ დაანონსებული ღირსების მარში გააუქმოს.

"არასწორი მიდგომაა. საზოგადოება არსებობს, საზოგადოება მრავალფეროვანია, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს. მე პირადად წინააღმდეგი ვარ ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების, მაგრამ უნდა დავინახოთ ისიც, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. არა მხოლოდ კანონის წინაშე, უფლის წინაშეც ყველანი თანასწორი ვართ და ერთმანეთის წინაშეც თანასწორი ვართ. დავუწუნოთ ერთმანეთს ქმედება, განცხადებები, პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ ვერ დაუწუნებ და ვერ გააუქმებ იმას, რაც ნიშნავს კანონის წინაშე ყველას ერთნაირ ვალდებულებას, სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას კანონი და ნებისმიერი მოქალაქე თავისი შეხედულებისა და განსხვავების მიუხედავად", — აღნიშნავს ვოლსკი.

ღირსების მარში თბილისში პირველად 2019 წლის ივლისში ჩატარდა. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა მაშინაც სცადეს, თუმცა მარში მაინც ჩატარდა.