ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღავნელთან, მეუფე იაკობთან მიმართებაში "კარგი მოლოდინები" აქვთ.

"სახალხო დამცველს გააჩნია თავისი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული. ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს მხრიდან არასდროს არ ყოფილა ხელშეშლა ამ ფაქტის მიმართებაში, ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ ყველა სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჯანდაცვის სამინიტროს კომპეტენციაში შედის და რა თქმა უნდა, ეს მიმართულება განხორციელდება.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც დაიცავს ბავშვების ინტერესებს", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელის პოსტზე მეუფე სპირიდონი ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჩაანაცვლა.

სახალხო დამცველი უკვე რამდენიმე თვეა ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის ჩატარებისთვის შეშვებას ითხოვს. პანსიონის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების შეშვებაზე უარს აცხადებდა და ჰომოფობიურ მიზეზებსაც ასახელებდა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ პანსიონში ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობაც ფიქსირდება, რასაც ყოფილი თუ ამჟამინდელი აღსაზრდელები ადასტურებენ. საპატრიარქოში პანსიონის მიმართ ბრალდებებს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ თუ გადაცდომები იყო, მედიაში ის უტრირებულად გაშუქდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა. პანსიონში ამ დრომდე 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.