Microsoft-ის მომავალი ოპერაციული სისტემა, Windows 11 ინტერნეტში გამოჩნდა. საუბარია არა მხოლოდ ფოტოების გავრცელებაზე, არამედ მთლიანად სისტემის. დიახ, არ მოგესმათ, პრეზენტაციამდე ერთი კვირით ადრე, ინტერნეტში Windows 11-ის მუშა ვერსია გამოჩნდა.

Windows 11-ის სამომხმარებლო ინტერფეისი ძალიან ჰგავს Windows 10X-ს, რომლის გამოშვებაც მაიქროსოფტმა გადაიფიქრა.

ფოტო: The Verge

როგორც ხედავთ, ვიზუალური კუთხით ცვლილებები ძალიან დიდია. შეცვლილია ხატულების გამოსახულებები. მთლიანად სისტემა უფრო "რბილია", მენიუების კუთხეები ცოტათი მომრგვალებულია.

ეს ჯერ Windows 11-ის ადრეული ვერსიაა და ყველა ცვლილებას ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, თუმცა, როგორც ჩანს სისტემის ძირითადი ნაწილი დასრულებულია და ალბათ, ოფიციალურ ბეტა ვერსიებსაც მალე ვიხილავთ.

Windows 11-ის საძიებო ველი ასე გამოიყურება. ასევე შეცვლილია File Explorer და ფოლდერებისა თუ სხვა განყოფილილებების ხატულებიც.

Windows 11-ის თასქბარში ახალ განყოფილებასაც შეამჩნევთ, როგორც ჩანს ოპერაციულ სისტემას ვიჯეტები ემატება. რადგან ეს სისტემის ადრეული ანაწყობია ვიჯეტები სისტემაში სრულად არ იტვირთება, თუმცა მათზე წარმოდგენის შექმნა შეიძლება.

Windows 10X-ის შეჩერების მიუხედავად, როგორც ჩანს, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ამ სისტემის დიდი ნაწილი Windows 11-ისთვის გამოიყენა. 10X ორეკრანიანი, დასაკეცი მოწყობილობებისთვის იყო შექმნილი.

Windows 11-ს ფანჯრების დალაგების ახალი სისტემაც აქვს, რაც რამდენიმე პროგრამის ერთ ეკრანზე გადანაწილების პროცესს გაგვიმარტივებს.

გავრცელებული ხმების მიხედვით, Windows 11-ში მთლიანად უნდა შეიცვალოს Windows Store-ის დიზაინი, თუმცა რადგან გაჟონილი ვერსია სისტემის არასრული ვარიანტია, Windows Store-ში დიდი ცვლილებები ჯერ არ ჩანს.

გაჟონილი სისტემიდან Windows 11-ის ჩართვის ხმის გაგებაც შევძელით.

Microsoft Xbox-ისა და Windows-ის შერწყმაზე მუშაობასაც განაგრძობს. Xbox-ის აპლიკაცია Windows 11-შია ინტეგრირებული და Xbox Game Pass-ის თამაშებზე სწრაფ წვდომას გვპირდება.

Microsoft-ის ღონისძიება 24 ივნისს, ჩვენი დროით 19:00-ზე გაიმართება. ახალი ოპერაციული სისტემის დაანონსებასაც სწორედ ამ დღეს ველით.