თბილისის რამდენიმე რაიონში ზონალ-საათობრივი პარკირება დაემატება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

ზონალურ-საათობრივი პარკირება საათში 1 ლარი ღირს, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, შშმ პირებისთვისა და ელექტრომობილებისთვის უფასოა.

კერძოდ, საბურთალოს რაიონში, დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის, ლორთქიფანიძის ქუჩებზე 733 ახალი საპარკინგე ადგილი მოეწყობა. სადგურის მოედანზე, დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, ასევე აბასთუმნის, თევდორე მღვდლის, ცაბაძის ქუჩაზე 281 ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილი იქნება. გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარედ, ასევე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე 126 საპარკინგე ადგილზე იმოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. სამგორში, როგორც ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ, ისე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე 117 ადგილი იფუნქციონირებს.

ჯამში 1315 საპარკინგე ადგილზე დაინერგება ზონალურ-საათობრივი პარკირება.