ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიაზე ამბობს, რომ ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონის ბავშვების გადაბირებას ცდილობს.

"ძალიან მძიმე ბრალდებაა მის მიმართ, რომ ბავშვების გადაბირებას აქვს ადგილი. მე ახლა მას ვერ დავდებ ბრალს, ამასაც გამოძიება უნდა. ეჭვზეა ლაპარაკი. რას შეჰპირდა და პირობების გაუმჯობესებას, მატერიალური, თუ სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას. მოსყიდვაზე რა ვიცი. შეჰპირდა, რომ გადაიყვანდა თბილისში, მაგალითად", — განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ფორმულას ეთერში.

სახალხო დამცველი უკვე რამდენიმე თვეა ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის ჩატარებისთვის შეშვებას ითხოვს. პანსიონის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების შეშვებაზე უარს აცხადებდა და ჰომოფობიურ მიზეზებსაც ასახელებდა.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ პანსიონში ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობაც ფიქსირდება, რასაც ყოფილი თუ ამჟამინდელი აღსაზრდელები ადასტურებენ. საპატრიარქოში პანსიონის მიმართ ბრალდებებს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ თუ გადაცდომები იყო, მედიაში ის უტრირებულად გაშუქდა.

გამოძიების დასრულებამდე პანსიონიდან ბავშვების გაყვანის მოთხოვნით სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებების მიმართა. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა. ბოლო ინფორმაციით, დაწესებულებიდან უკვე გაყვანილია 30 ბავშვი და კიდევ 23 ადგილზე რჩება.

13 ივნისს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა, სადაც სასულიერო პირები ევროკავშირის ელჩთან და ბავშთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად ნინოწმინდის პანსიონზე მსჯელობდნენ.

შეხვედრის შემდეგ ყველა მხარემ განაცხადა, რომ მთავარია ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა და ამაზე თანხმდებიან. ითქვა ისიც, რომ საჭიროა დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების გაყვანა და ამაზეც საერთო აზრზე არიან, თუმცა გაურკვეველი დარჩა, იხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი. საპატრიარქოს პრესსპიკერის თქმით, "დახურვაზე არ არის საუბარი", ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კი დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვის ვალდებულებაზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პანსიონი იხურება, ასე უპასუხა:

"ალტერნატიული სერვისების ჩამოყალიბება... გამოდის პრინციპში, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება. დღესაც ამ პროცესებს ჩვენ ვაგრძელებთ".

შეხვედრიდან ერთ დღეში ცნობილი გახდა, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონის ხელმძღვანელი აღარ იქნება და მას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი ჩაანაცვლებს.