ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი და ეუთოს გენერალური მდივანი, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის — საქართველოში ქალი ლიდერების კონფერენცია — ქალების როლი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, მათ, ასევე, მომავალი ადგილობრივი არჩევნები განიხილეს და არჩევნებში სადამკვირვებლო მისიების, განსაკუთრებით კი, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

"შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე ფაქტო რეჟიმის მიერ გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შედეგად გაუარესებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ასევე, ოკუპირებული რეჟიმის მიერ ადამიანების უფლებების დარღვევასა და გატაცების ფაქტებზე. კერძოდ, ზაზა გახელაძის საკითხზე. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერებისა და ფორმატის ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობას", — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრესსამსახურის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა და ჰელგა მარია შმიდმა რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს და რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს როლს გაუსვეს ხაზი.

ჰელგა მარია შმიდი საქართველოს 14 ივნისს ეწვია.